Feb 22, 2013

"აღებულ სოლიდურ პრემიებს სამინისტროს თანამშრომლები ისევ კობა სუბელიანს უბრუნებდნენ"


აფხაზეთიდან და შიდა ქართლიდან დევნილი მოსახლეობისა და ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის პრობლემებზე დევნილთა და განსახლების მინისტრი დავით დარახველიძე გვესაუბრება.


- რას მიიჩნევთ აფხაზეთიდან და სამაჩაბლოდან დევნილი მოსახლეობის უპირველეს პრობლემად? რა იქნება თქვენი სამინისტროს საქმიანობის პრიორიტეტი 2013 წელს?

- ამჟამად დევნილი, მშობლიური მიწა-წყლიდან იძულებით გადაადგილებული ადამიანების უმთავრესი პრობლემა ბინით, საცხოვრებელი ფართობით უზრუნველყოფაა. მტკივნეული საკითხია დასაქმება, შემოსავლის წყაროს უქონლობა, აგრეთვე, ჯანმრთელობის დაცვისა და განათლების პრობლემები. აქედან გამომდინარე, ჩვენი სამინისტროს პრიორიტეტია თანხების მაქსიმალური მობილიზება საცხოვრებელი ფართობების ასაშენებლად თუ ძველი შენობების სარეაბილიტაციოდ.

- რა თანხა დაიხარჯება დევნილთა განსახლებისთვის მიმდინარე წელს?

- დევნილთა და განსახლების სამინისტროს ბიუჯეტიდან დაიხარჯება 50 მილიონი ლარი, გარდა ამისა, საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ გამოყოფილი 83 მილიონი ლარი, ასევე მიმდინარეობს ეკონომიკის სამინისტროს მიერ შენობა-ნაგებობების გადმოცემის პროცესი, რომელთა ღირებულება დაახლოებით 20 მილიონი ლარია. მსოფლიო ბანკის დაფინანსებით, 2 მილიონი დოლარი უნდა დაიხარჯოს დევნილთა სხვადასხვა საჭიროებისთვის, გარდა საცხოვრებელი ფართობებისა. მიმდინარეობს მოლაპარაკება ევროკავშირის მიერ გამოყოფილი 5 მილიონი ევროს მიღებაზე და ა.შ.

- მიენიჭება თუ არა ახალმშენებლობებისას უპირატესობა რეგიონებს? წინა ხელისუფლების სტრატეგიით დევნილები, ძირითადად, რეგიონებში უნდა განსახლებულიყვნენ...
- მშენებლობები თანაზომიერად დაიწყება, უპირატესობა რეგიონებს არ მიენიჭება, დედაქალაქშიც არაერთი ბინა აშენდება.

- როდის შეძლებთ ყველა დევნილის - 90 ათასზე მეტი ოჯახის საცხოვრებლით უზრუნველყოფას?
- ეს პრობლემა, ძირითადად, უახლოესი 4 წლის განმავლობაში მოგვარდება, თუმცა, დევნილების პრობლემა საბოლოოდ მაშინ გადაწყდება, როცა ისინი თავიანთ კერას, აფხაზეთსა და სამაჩაბლოს დაუბრუნდებიან, იქაც სიამოვნებით განვაგრძობთ მათთვის ახალი ბინების მშენებლობას.

- განაცხადეთ, რომ აღმოაჩინეთ არალეგალური საწყობი, სადაც აგვისტოს ომში დაზარალებულთათვის განკუთვნილი გადამალული პროდუქცია ეწყო... თუ აღიძრა სისხლის სამართლის საქმე?
- არალეგალური საწყობის თაობაზე მთავარი პროკურატურის მიერ სისხლის სამართლის საქმე აღძრულია ქონების დატაცებისა და თაღლითობის, ასევე თანამდებობის ბოროტად გამოყენების მუხლით. გარდა ამისა, გამოვლინდა პრემიების ძალზე რეზონანსული საკითხი, ანუ როგორც გაირკვა, კობა სუბელიანის მინისტრობისას, სამინისტროს ცალკეულ თანამშრომლებს ერიცხებოდათ სოლიდური პრემიები, ამ თანხას ისინი შემდგომ კვლავ კობა სუბელიანს უბრუნებდნენ. ამ საქმეს იძიებს სხვადასხვა უწყება - კონსტიტუციური უსაფრთხოების სამსახური, მთავარი პროკურატურა და ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური.

- ანუ აღებულ ფულს ისევ კობა სუბელიანს, ამჟამინდელ პარლამენტარს უბრუნებდნენ?
- დიახ, ასე ამბობენ სამინისტროს თანამშრომლები, რომლებიც დღესაც აქ მუშაობენ; თანხის გადაცემა ხდებოდა როგორც ხელიდან ხელში, ისე კობა სუბელიანის მიერ მითითებულ საბანკო ანგარიშზე.

- დევნილთა ნაწილი ამბობს, რომ მომდევნო წელს, თებერვლიდან სახელმწიფო მათ აღარ გადაუხდის ბინის ქირას 200 ლარის ფარგლებში...
- სახელმწიფო ყველა დევნილს ბინის ქირას ვერ გადაუხდის. საამისო სახსრები არც ჩვენს სამინისტროს აქვს. ვცდილობთ, ერთჯერადი დახმარებები გავუწიოთ ძალზე გაჭირვებულ დევნილებს... ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ იმ სოციალურად დაუცველი დევნილებისთვის, რომლებიც უკანონოდ შეიჭრნენ სხვადასხვა შენობაში, გადაწყვიტა, 6 თვის განმავლობაში, გამოსაზამთრებლად, გადაეხადა ბინის ქირა 200 ლარის ფარგლებში.

- როგორ აპირებთ მომავალში დევნილების შენობებში შეჭრის ფაქტების აღკვეთას? ამ შენობების უმრავლესობას კერძო მეპატრონე ჰყავს...

- ნებისმიერ შენობაში შეჭრა უკანონო ქმედებაა და დაკავებული ფართობი ყველამ უნდა გამოათავისუფლოს. მაგრამ, ამასთანავე, ესენი არიან უკიდურესად გაჭირვებული ადამიანები; ძალისმიერი მეთოდების გამოყენების თავიდან ასაცილებლად, თითოეულ მათგანთან მოლაპარაკებას ვმართავთ და ასე ვცდილობთ პრობლემების მოგვარებას. მთავარი მათი ნდობის მოპოვებაა, რაც ამ წლების განმავლობაში დაკარგული ჰქონდათ...

- რაც შეეხება პირდაპირ მოლაპარაკებებს აფხაზებთან და ოსებთან?

- სახალხო დიპლომატია, ადამიანური ურთიერთობები არც არასოდეს შეწყვეტილა. თბილისში, ლილოს ბაზრობასთან მცხოვრებ რამდენიმე აფხაზურ ოჯახს სავაჭრო ურთიერთობები აქვს აფხაზეთში, შეიძლება ითქვას, ერთობლივი ბიზნესი აქვთ; არის კიდევ ერთი საკითხი, რომლის გარკვევასაც ვცდილობ, - ეს არის მობილური კავშირგაბმულობის თემა - სოხუმიდან თბილისში ირეკება, თუმცა, საპასუხო ზარი შეუძლებელია; კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის ხელმძღვანელი ირაკლი ჩიქოვანი უვადო შვებულებაშია და ჯერჯერობით ვერ გავარკვიე, რატომ ხდება ასე...

ნინო კვიტაშვილი
07:18 / 22-02-2013

No comments:

Post a Comment

შეხვედრა ვლადიკავკაზის ქართულ სკოლაში (2010წლის მაისი)






2010 წლის მეგობრობის შეხვედრები