Feb 26, 2013

აბაშიძე და კარასინი ერთმანეთს 1 მარტს შეხვდებიან

1-karasini-pollitikaa2საქართველო, 25 თებერვალი, საქინფორმი. საქართველოს პრემიერის სპეციალური წარმომადგენელი რუსეთთან ურთიერთოების დარეგულირების საკითხებში ზურაბ აბაშიძე და რფ-ის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინი ერთმანეთს 1 მარტს პრაღაში შეხვდებიან. ამის შესახებ განცხადება ზურაბ აბაშიძემ გააკეთა, რომლის თქმითაც, მხარეები განიხილავენ ვაჭრობის, ტრანსპორტისა და ჰუმანიტარული და კულტურული ურთიერთობების საკითხებს. ამასთან, მან დაადასტურა, რომ სოჭის 2014 წელის ოლიმპიადაში საქართველოს მონაწილეობის საკითხი გრიგორი კარასინთან მეორე შეხვედრის დღის წესრიგში არ დგას.
„სოჭის ოლიმპიადის საკითხებს ჩვენ კი არა, ოლიმპიური კომიტეტი განიხილავს. ჩვენ განვიხილავთ ვაჭრობის, ტრანსპორტის, ასევე, ჰუმანიტარული და კულტურული ურთიერთოებების საკითხებს“, – აღნიშნა საქართველოს სპეციალურმა წარმომადგენელმა რუსეთთან ურთიერთობების დარეგულირების საკითხებში.
საქინფორმის მკითხველს შევახსენებთ, რომ ახლახან, რუსული მედიის მიერ გავრცელებული ცნობით, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ სოჭის ოლიმპიადაზე საქართველოს მონაწილეობის ჩაშლას აპირებს. საპარლამენტო უმცირესობის წევრმა შოთა მალაშხიამ გაზეთ „იზვესტიას“ განუცხადა, რომ მათმა პარტიამ შეიმუშავა სამოქმედო გეგმა, რომლის განხორციელებასაც ორშაბათიდან, 25 თებერვლიდან, შეუდგება. ამ დღეს საქართველოში 1921 წელს წითელი არმიის მიერ ქვეყნის გასაბჭოების ხსოვნასთან დაკავშირებით „ოკუპაციის დღეს“ აღნიშნავენ.
„ჩვენ ყველა პოლიტიკურ პარტიას, მათ შორის, არასაპარლამენტო პარტიებსაც, შევთავაზებთ, რომ ერთობლივ განცხადებაზე ხელმოწერები გავაკეთოთ, რომ ჩვენი ქვეყნისთვის მიუღებელია ოლიმპიადაში მონაწილეობა იმ ქვეყნის ტერიტორიაზე, რომელსაც ჩვენი მიწების 20% აქვს ოკუპირებული. ამას გარდა, იმ ადგილას, სადაც ოლიმპიადა უნდა გაიმართოს, მე-19 საუკუნეში ჩერქეზების გენოციდი განხორციელდა“, – განაცხადა „იზვესტიასთან“ საუბარში „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა შოთა მალაშხიამ.
თავის მხრივ, ოპონენტების აქტიურობას „ქართულ ოცნებაში“ სკეპტიკურად უყურებენ. იმავე „იზვესტიასთან“ საუბარში საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა ლერი ხაბელოვმა განაცხადა, რომ საქართველო სოჭში 10-მდე ოლიმპიურ მოთამაშეს გააგზავნის.
საქინფორმის მკითხველს, ასევე, შევახსენებთ, რომ საქართველო ერთადერთი ქვეყანაა მსოფლიოში, რომელმაც ამ გენოციდის ფაქტი ოფიციალურად აღიარა.

No comments:

Post a Comment

შეხვედრა ვლადიკავკაზის ქართულ სკოლაში (2010წლის მაისი)






2010 წლის მეგობრობის შეხვედრები