May 21, 2013

საქართველო ცდილობს რუსეთთან ურთიერთობის გაუმჯობესებას

საქართველოს პრემიერ-მინისტრს ბიძინა ივანიშვილს, სატელევიზიო არხის „Euronews“–ის  კორესპონდენტმა ნატალია რიჩარდსონ-ვიკულინამ, მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებთან დაკავშირებით ინტერვიუ ჩამოართვა:


საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი აპრილის ბოლოს სტრასბურგში, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სესიაზე სიტყვით გამოვიდა. თავის გამოსვლაში იგი საკვანძო საკითხებსა და თემებს შეეხო. საქართველოს პრემიერ–მინისტრის სურვილია, მოხდეს საქართველო-რუსეთის ურთიერთობის ნორმალიზება. ამავე დროს იგი იმედოვნებს, რომ მისი ქვეყანა ახლო მომავალში ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრი გახდება.

Euronews: - თქვენ სტრასბურგში ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სესიაზე დასასწრებად ჩამობრძანდით, სადაც, 2008 წლის კონფლიქტის შემდეგ, დაიგეგმა პირველი შეხვედრა საქართველოსა და რუსეთის წარმომადგენლებს შორის. ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ ურთიერთობები ნელ-ნელა უმჯობესდება? მოსალოდნელია თუ არა ახლო მომავალში ამ ურთიერთობების გადახალისება?

ბიძინა ივანიშვილი:

- ვიმედოვნებ, რომ პროცესი სწორედ ამ მიმართულებით განვითარდება, მე კი ძალ-ღონეს არ ვიშურებ ჩვენს მეზობელთან ურთიერთობების გასაუმჯობესებლად.

დღევანდელი ვითარება არც ერთი მხარის ინტერესებს არ ემსახურება. საქართველომ დაკარგა ტერიტორიების 20% და ყველაფერს გააკეთებს მათ დასაბრუნებლად. ამასთან, ახლანდელი ვითარება მიუღებელია როგორც საქართველოსთვის, ისე რუსეთისთვის.

როგორც უკვე აღვნიშნე, ჩვენ დავიბრუნებთ ჩვენს ტერიტორიებს, თუმცა მინდა, ხაზგასმით განვაცხადო, რომ ეს პროცესი წარიმართება მშვიდობიანად და მოლაპარაკებების გზით. ნებისმიერი ძალადობა და ძალისმიერი მეთოდები ჩვენთვის მიუღებელია. ასე რომ, კიდევ ერთხელ ვაცხადებ: ჩვენ მიზნებს მივაღწევთ მშვიდობიანი მოლაპარაკებების გზით. იმედი გვაქვს, რომ საერთაშორისო თანამეგობრობა მხარს დაგვიჭერს და დახმარებას გაგვიწევს ამ მიზნის მიღწევაში.

Euronews: - სერბეთმა და კოსოვომ გააკეთეს განცხადება ურთიერთობების ნორმალიზების შესახებ და დაიწყეს მუშაობა შესაბამის შეთანხმებაზე ბრიუსელში. იქნება თუ არა ეს მაგალითი სტიმული თბილისისათვის აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთთან ურთიერთობების ნორმალიზების თვალსაზრისით?

ივანიშვილი: - ეს ძალიან კარგი მაგალითია და ეს მაგალითი კიდევ ერთხელ გვარწმუნებს, რომ მსოფლიო იცვლება და ადამიანებმა, რომელთა ურთიერთობებიც წარუმატებლად ვითარდებოდა წარსულში, ახლა საერთო ენა გამონახეს და სხვადასხვა გზით შეთანხმებას მიაღწიეს. ასე რომ, ჩვენ უნდა გამოვიჩინოთ მაქსიმალური ძალისხმევა და საერთო ენა გამოვნახოთ ჩვენს ოს და აფხაზ ძმებთან და რასაკვირველია, უნდა მივაღწიოთ რუსეთთან ურთიერთობის ნორმალიზებას.

Euronews: - ახლახანს 2008 წლის კონფლიქტთან დაკავშირებული გამოძიება დაიწყო, რომელსაც მიხეილ სააკაშვილი „რუსული სცენარის“ სახელით მოიხსენიებს. თქვენ როგორ დაახასიათებდით ამ გამოძიებას?

ივანიშვილი: - ეს სააკაშვილის სტრატეგიაა. ის რუსეთს აბრალებს ყველაფერს, რაც არ მოსწონს. სწორედ ასეთი იყო მისი პოლიტიკა ცხრა წლის განმავლობაში და პრაქტიკულად, სწორედ ამ პოლიტიკამ შეგვიყვანა ჩიხში. მიმაჩნია, რომ ამ გამოძიების დაწყება ნორმალური მოვლენაა.

Euronews: - თქვენ ჩრდილოატლანტიკური ალიანსისგან მოელით, რომ საქართველო ალიანსის წევრი გახდება. თქვენი ოპონენტი, მიხეილ სააკაშვილიც ამ პოზიციაზე დგას. თუმცა, თქვენ მიიჩნევთ, რომ შესაძლებელია კარგი ურთიერთობების შენარჩუნება როგორც ალიანსთან, ისე რუსეთთან. ამას კი სააკაშვილი არ ეთანხმება. რატომ ფიქრობთ, რომ ასეთი რამ შესაძლებელია?

ივანიშვილი: - ამის მაგალითები საკმაოდ არის ევროპის ქვეყნებშიც. ზოგიერთ მათგანს დაძაბული ურთიერთობები ჰქონდა რუსეთთან, მაგრამ მათ დასავლური განვითარების გზა არჩიეს და ეს ურთიერთობებიც გაუმჯობესდა.
საუკეთესო მაგალითი, ალბათ, სლოვაკეთია. მან შეინარჩუნა ურთიერთობები რუსეთთან და ალიანსშიც გაწევრიანდა. ვფიქრობ, სააკაშვილი აზვიადებს: – შესაძლებელია კარგი ურთიერთობები გქონდეს ერთდროულად რუსეთსა და ჩრდილოატლანტიკურ ალიანსთან. სააკაშვილს რუსეთი აღიზიანებს.

Euronews: - შესაძლებელია თუ არა საქართველოს გაწევრიანება ალიანსში, ვთქვათ, ათ წელიწადში?

ივანიშვილი: - ათი წელი ძალიან დიდი დროა. ვფიქრობ, რომ ამის მიღწევა ბევრად უფრო სწრაფადაა შესაძლებელი. ამასთან, უნდა გავითვალისწინოთ ცვალებადი მსოფლიოს დინამიკა. მსოფლიო იცვლება, ყველაფერი იცვლება. ასე რომ, ორიოდე წელიწადში თავად რუსეთიც შეიძლება შეიცვალოს და ალიანსთან მისი ურთიერთობებიც გაუმჯობესდეს.

Euronews: - გაქვთ თუ არა მოლოდინი იმისა, რომ საქართველო ევროკავშირის წევრობის კანდიდატი გახდება?

ივანიშვილი: - ჩვენი სურვილია, საქართველოზე ევროპის შეხედულება აღმოსავლეთის პარტნიორობის ვილნიუსის სამიტამდე გაცხადდეს. სამიტი მიმდინარე წლის ნოემბერში გაიმართება. ამ მიმართულებით საქართველო ბევრად უფრო სწრაფად მიიწევს წინ, ვიდრე აქამდე. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი ოპონენტები ამბობენ, რომ ეს ასე არარის, ჩვენ შეგვიძლია განვაცხადოთ: - მომდევნო ორ წელიწადში ჩვენ გვექნება ევროპასთან მჭიდრო ასოცირების საშუალება.

Euronews: - მიიღებენ თუ არა სპორტსმენები საქართველოდან სოჭის ზამთრის ოლიმპიურ თამაშებში მონაწილეობას?

ივანიშვილი: - რასაკვირველია. ჩვენ უკვე განვაცხადეთ, რომ სპორტსმენები საქართველოდან, სოჭის ზამთრის ოლიმპიურ თამაშებში მონაწილეობას მიიღებენ. სპორტი და კულტურა (კერძოდ, ოლიმპიური თამაშები) გახლავთ ვითარების გაუმჯობესებისა და საამისოდ შესაბამისი გარემოს შექმნის საშუალება. ავიღოთ, მაგალითად, ანტიკური ხანის საბერძნეთი, სადაც ომებიც კი წყდებოდა ოლიმპიური თამაშების დროს. ასე რომ, სპორტი და კულტურა ვითარების გაუმჯობესებაში დაგვეხმარება. რაც შეეხება ვაჭრობას, ამ კუთხით ჩვენ კიდევ უფრო დიდ წინსვლას მივაღწიეთ. ასე რომ, ეს ყოველმხრივ სასარგებლო იქნება ჩვენთვის.

Euronews: - „ო, სპორტო, შენ ხარ მშვიდობა!“

ივანიშვილი: - დიახ, რასაკვირველია, „ო, სპორტო, შენ ხარ მშვიდობა!“ დიახ!

No comments:

Post a Comment

შეხვედრა ვლადიკავკაზის ქართულ სკოლაში (2010წლის მაისი)






2010 წლის მეგობრობის შეხვედრები