May 18, 2013

რუსეთი დაინტერესებულია "ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონის" გაუქმებით და არა კოსმეტიკური ცვლილებებით

 "ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ" კანონის შესატან ცვლილებებზე, "ინტერპრესნიუსი" პრემიერ-მინისტის სპეციალურ წარმომადგენელს რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში ზურაბ აბაშიძეს ესაუბრა.

- ბატონო ზურაბ, ევროკავშირის ინიციატივით ბელგრადსა და პრიშტინას შორის მიღწეულ შეთანხმებაზე საქართველოს პრემიერი-მინისტრის განცხადებას დიდი ხმაური მოჰყვა. მიღწეული შეთანხმებით, სერბეთს კოსოვოს დამოუკიდებლობა ნამდვილად არ უღიარებია, ამიტომ გაუგებარია, რატომ გაჩნდა უმცირესობის ბრალდებებში ახალი ხელისუფლების მიერ აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთი აღიარების ალბათობის დაშვება. თუ სწორად გავიგე, ივანიშილმა მხოლოდ ის მოიწონა, რომ დაპირისპირებულ მხარეებს შორის დიალოგი დაიწყო. . .

- პრემიერი მიესალმა სერბეთსა და კოსოვოს შორის ურთიერთობების დარეგულირების მცდელობას. მან ასევე თქვა, რომ კონფლიქტური სიტუაციების მოგვარება მხოლოდ მშვიდობიანად და იარაღის გარეშე უნდა ხდებოდეს. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის გზაც სწორედ მშვიდობიანი უნდა იყო. პრემიერის განცხადებაში არანაირი მინიშნება არ ყოფილა იმაზე, რომ საქართველომ უნდა აღიაროს აფხაზეთი ან ცხინვალის რეგიონი დამოუკიდებელ სახელმწიფოებად. პირიქით, მან ხაზი გაუსვა ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის აუცილებლობას.
კონფლიქტების დარეგულირების კუთხით, ჩემი აზრით, "კოსოვოს მოდელი", შესაძლოა დღესაც აქტუალური იყოს აფხაზეთთან და ცხინვალის რეგიონთან მიმართებაში. მხედველობაში მაქვს ამ მოდელის რამდენიმე ასპექტი: 1. კოსოვოში განხორციელდა საერთაშორისო სამშვიდობო ოპერაცია ნატო-ს ეგიდით, რომელშიც მრავალმა ქვეყანამ მიიღო მონაწილეობა; 2. კოსოვოში დაბრუნდა ლტოლვილთა უდიდესი ნაწილი; 3. კოსოვო თითქმის 10 წლის განმავლობაში იმართებოდა საერთაშორისო ადმინისტრაციი მიერ გაერო-ს მანდატით; 4. წლების განმავლობაში საერთაშორისო ორგანოზაციები აწარმოებდნენ ამ რეგიონში სხვადასხვა სახის მონიტორინგს; 5. გარდა ამისა, ომის შედეგების დასაძლევად და ადამიანების ერთმანეთთან დასაკავშირებლად უამრავი საერთაშორისო პროექტი განხორციელდა. ამის შემდეგ ჩატარდა რეფერენდუმი, რამაც ცნობილი შედეგები გამოიღო. არავითარი ამის მსგავსი არც აფხაზეთსა და არც ცხინვალის რეგიონში არ მომხდარა. სწორედ ამიტომაც მოგახსენეთ, რომ თუკი ჩვენს კონფლიქტურ რეგიონებში გადაიდგმებოდა ანალოგიური ნაბიჯები, ამ მხრივ "კოსოვოს მოდელი" ალბათ სრულიად მისაღები იქნებოდა. რატომაც არა, ამის შემდეგ ჩატარდეს რეფერენდუმი და უკვე ხალხმა გადაწყვიტოს, როგორ სახელმწიფოში სურს ცხოვრება.

- შესაძლოა, კრიტიკის საფუძველი ის იყო, რომ ბელგრადს პრიშტინას დამოუკიდებლობა არ უღიარებია, მაგრამ სერბული მხარე დათანხმა კოსოვოს ტერიტორიაზე სერბების კომპაქტურად მცხოვრებ რეგიონებში ადგილობრივების პოზიციების გაძლიერებას. . .
- მე მხოლოდ ის პარამეტრები მოგახსენეთ, რაც ჩვენთვის მნიშვნელოვანია. დანარჩენი სხვა კრიტერიუმების მიხედვით კოსოვოსთან პარალელების გავლება არამართებულია. თუკი სურვილი გაქვს, ნებისმიერი განცხადება შეგიძლია შეატრიალო და კრიტიკაც შესაბამისი მიაყოლო. ნებისმიერი, თუნდაც ის, რაზეც ახლა გესაუბრეთ.

- პარლამენტში ჭიანურდება "ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ" კანონში ცვლილებების დამტკიცება. თქვენი აზრით, რამდენად საფუძვლიანია უმცირესობის წარმომადგენელთა ბრალდებები, თითქოს უმრავლესობა რუსეთის დაკვეთას ასრულებს?
- უმცირესობის პრეტენზიები და კრიტიკის პათოსი, ჩემი აზრით, სრულიად უსაფუძვლოა. საუბარია კანონში მხოლოდ ტექნიკურ ცვლილებებზე და ასეთ დროს რუსეთის დაკვეთის შესრულების ბრალდებები სულ ცოტა უხერხულია. რა დაკვეთაზეა საუბარი, როდესაც კანონის არსი არანაირად არ იცვლება. რუსეთში აინტერესებთ არა ტექნიკური ცვლილება, არამედ კანოდნის გაუქმება. მათთვის მთავარია ტერმინი "ოკუპაცია" და არა ის, თუ რამდენ ლარად დააჯარიმებენ საზღვრის დამრღვევს. სხვათა შორის, რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, ამ კანონის მიხედვით 300-დე პირის მიმართ აღიძრა სისხლის სამართლის საქმე, აქედან მხოლოდ 15%-დე იყო რუსეთის მოქალაქე.
გასულ წლებში იყო შემთხვევები, როდესაც თბილისში ჩამოდიოდნენ აფხაზეთში ნამყოფი უცხოეთის მოქალაქეები, მაგრამ მათ საზღვარზე სატელეფონო გადარეკვის შემდეგ უპრობლემოდ ატარებდნენ. იყო შემთხვევები, როცა სტუმარს ურჩევდნენ პასპორტის შეცვლას. ვის ვატყუებთ ან რატომ "ვატყუებთ კანონს"? გავაკეთოთ გამონაკლისი მათთვის, ვისი შემოსვლაც ჩვენს ქვეყანაში ჩვენსავე ინტერესებშია.
მართალია, ეს გარკვეულად შექმნის განსხვავებულ რეჟიმს კონფლიქტური რეგიონებოს საზღვრებთან მიმართებაში, მაგრამ ასეთი რამ გამომდინარე სრულიად არასტანდარტული ვითარებიდან, ლოგიკურია. რაც შეეხება რუსეთის დაკვეთას და მოთხოვნას, ხაზგასმით მინდა განვაცხადო, რომ ამ თემაზე რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლებთან არანაირი საუბარი არ გვქონია.

- ოპოზიციის პრეტენზიები იმის გამოცაა გასაკვირი, რომ ამ კანონში ცვლილებების განხორციელებას ჩვენგან საერთაშორისო ორგანიზაციები დაჟინებით მოგვიწოდებენ და ამის შესახებ მათ აქვთ ამომწურავი ინფორმაცია. . .
- მე თითქმის ყოველდღიური შეხვედრები მაქვს ჩვენს დასავლელ პარტნიორებთან, ამ თემაზეც გვქონდა საუბარი და მათგან რაიმე კატეგორიული ან თუნდაც კრიტიკული შენიშვნა არ მომისმენია. პირიქით, ყველა ამას გაგებით ეკიდება.

- პრესკონფერენციაზე პრემიერ-მიისტრმა არ გამორიცხა, რომ იმ შემთხვევაში, თუ სოჭის ოლიმპიადაზე მოწვევას მიიღებს და გამგზავრებისათვის დრო ექნა, სოჭში გაემგზავრება. მოგეხსენებათ, ამ თემაზეც ოპოზიციამ დააფიქსირა თავის მკვეთრად უარყოფითი დამოკიდებულება. როგორი იქნება მათ რეაქციაზე თქვენი პასუხი?
- პრაქტიკულ რეჟიმში ეს თემა არ განიხილება, თუმცა პრემიერმა ამის შესაძლებლობა არ გამორიცხა. მას ისიც არ გამოურიცხავს, რომ მომავალში რუსეთის ხელმძღვანელობას შეხვდება. ვფიქრობ, ადრე თუ გვიან ასეთი შეხვედრა მართლაც შედგება. პრემიერის აზრით, უნდა დავაკვირდეთ პროცესებს. სოჭის ოლიმპიადამდე ჯერ კიდევ საკმაოდ დიდი დროა დარჩენილი. ვნახოთ, რა ტენდენციები გამოიკვეთება და რა შედეგებს მოიტანს ქართულ-რუსულ ურთიერთობებში შექმნილი ახალი ელემენტები.

- რამდენად მნიშვნელოვანი შეიძლება იყოს ამგვარი შეხვედრა?
- შეხვედრა უთუოდ მნიშვნელოვანი იქნება, თუმცა, გააჩნია რა პოლიტიკურ კონტექსტში ჩატარდება და, რამდენად სერიოზულად იქნება მომზადებული იმისათვის, რათა შესაბამისი შედეგები გამოიღოს.

კობა ბენდელიანი
`ინტერპრესნიუსი"
16-05-2013 

No comments:

Post a Comment

შეხვედრა ვლადიკავკაზის ქართულ სკოლაში (2010წლის მაისი)






2010 წლის მეგობრობის შეხვედრები