Apr 13, 2013

მარინა კაჟაშვილი: ღიირს კია 2008 წლის აგვისტოს ომის გამოძიება?

  საქართველოში ბოლო დროს ინტერნეტსივრცეში ატეხილმა აჟიოტაჟმა, თუ ვინ დაიწყო  პირველი რუსეთ - საქართველოს ომი, მისი გამოძიების დაწყება -არ დაწყების პროცესი, პრეზიდენტის დაკითხვა- არდაკითხვა  და ასე შემდეგ, ჩემი ყურადღება მიიპრყრო და თვალ ყურს ვადევნებ.
 ჩემთვის ,ისევე როგორც უამრავი კონფლიქტის ზონის  დევნილისათვის, რომლებიც მომსწრე და თვითმხილველნი ვიყავით აგვისტოს  ომის დაწყების, მისი მიზეზების,მიზნებია და შედეგების  თითოეული დეტალი ცნობილია.
       მე მხოლოდ პრეზიდენტის მიერ ჯიუტად გაკეთებული განცხადებები მაოცებს, როცა ის ამბობს, რომ  აგვისტოს ომთან დაკავშირებით გამოძიებასთან თანამშრომლობას არ აპირებს, - ამის შესახებ პრეზიდენტმა ჟურნალისტებს პოლონეთში, ბელვედერის სასახლეში პრეზიდენტ ბრონისლავ კომოროვსკისთან შეხვედრის შემდეგ  განუცხადა."მე, როგორც საქართველოს პრეზიდენტი, მთლიანად ვემიჯნები პრემიერ-მინისტრის განცხადებას იმის შესახებ, რომ საქართველოს ბრალი იყო შეიარაღებული მოქმედებების დაწყება და ომის გაჩაღება. მე, როგორც საქართველოს მოქალაქე და
პრეზიდენტი, ერთი წამითაც არ ვითანამშრომლებ ამ ანტისახელმწიფოებრივ გამოძიებასთან. ამ გამოძიების მიზანი არის სახელმწიფოებრიობის შერყევა და პირდაპირ არის მიმართული ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ. პირდაპირ არის მიმართული ჩვენი მტრის ამოცანების უკვე ახალ ვითარებაში ბოლომდე შესრულებაზე", - აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა.
     თუმცა ჩემი მოსაზრებით  არ ღირს ამ უკვე ჩავლილი საკითხის გამოძიება, რომელმა პროცესმაც ყველა მხარე დააზარალა და გული გვატკინა.
  დღეს, ამ 2008 წლის ომის გამოძიებით ისევ დავძაბავთ ურთიერთობას რუსეთთან, ოსეთთან და ახალი ტკივილისა  და სერიოზული პრობლებემის  წინაშე დავდგებით. თუმცა მეც ძალიან მაინტერესებდა ამდენი ასობით  კონფლიქტის ზონელი დევნილები მოწმედ არგუმენტირებული მასალებით რომ  წარსდგებოდა ომის წამომწყებთ სასამართლო პროცესზე,რის თქმასღა შესძლებდნენ  წამომწყებნიც და მათი მხარდამჭერებიც...
მე, როგორც ქართულ-ოსური კონფლიქტის ზონაში მომუშავე, პირველი დღიდან, 2006 წლის 12 ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნებიდან, სოფელ ერედვში და ყველა იმ მშვიდობიანი  აღმშენებლობის პროცესის მონაწილე ვიყავ, რაც დიდი და პატარა ლიახვის ხეობაში ხდებოდა, ჯერ კიდევ 2013 წლის  25 იანვარს, ჩემს ერთერთ სტატიაშიც   გამოვაქვეყნე : ,,ვინ მოიფიქრებდა, რომ ნახევრად უკვე დაწყობილ ქართულ-ოსურ ურთიერთობებში ისევ დიდი ბზარი გაჩნდებოდა!
       ხშირად ვფიქრობ – რატომ? რისთვის? მე ხომ ქართულ-ოსური კონფლიქტის ზონის სოფელი ქურთა, ევროსტანდარტების შესაფერისად აშენებული, ჯერ კიდევ აგვისტოს ომამდე 6 თვით ადრე  დავტოვე. რა მოხდა ისეთი, რომ მოწმენდილ ცაზე უცებ ასეთი ცივილური მასშტაბების ომი შედგა; ომი, რომელიც, ჩემი აზრით, მსოფლიო დიდი პოლიტიკის შეცდომა იყო, რამეთუ მისი თავიდან აცილების  უამრავი საშუალება არსებობდა, მაგრამ ეს გამოიწვია ქართულ პოლიტიკაში ახალგაზრდა არადიპლომატი  პოლიტიკოსებისა და მრჩევლების მოსვლამ, რომლებიც დღესაც ურცხვად სკამებისათვის იბრძვიან!
      2008 წლის აგვისტოს ომთან დაკავშირებით ის კითხვაც უსუსურად და ბოლოხარისხოვნად მეჩვენება, თუ ვინ დაიწყო ომი – სააკაშვილმა თუ რუსულმა მხარემ? –  ჩემთვის არაფრისმთქმელი კითხვა, რომელზეც აიგო ,,ტალიავინის კომისიის'' მრავალგვერდიანი დასკვნა.
     მე კი ამ ომთან მიმართებაში დღემდე სულ სხვა კითხვა მიჩნდება. რატომ არ მიიღეს სათანადო ზომები იმ დიდმა სახელმწიფოებმა, ვინც თითქოსდა ჩვენს მოსატყუებლად ზურგს უმაგრებდა ჩვენს პრეზიდენტს? რატომ დაუშვეს ეს ომი? როგორ არ შეეძლოთ ამ ომის შეჩერება?
      ამ ომში ჩადებული ხარჯებით ბევრად უკეთესი საქმის გაკეთება შეიძლებოდა... აეშენებინათ ერთი დიდი ფაბრიკა ან ქარხანა საქართველოში, სადაც დასაქმდებოდა ჩვენი ხალხი, მოეძებნათ ჩვენს კეთილისმსურველ უცხოელ სახელმწიფოებს საქართველოში შექმნილი პროდუქციისათვის სარეალიზაციო ევროპული ბაზარი და ხელი შეეწყოთ ქართული  ოჯახების ძლიერებისა და გამრავლებისათვის, რომელთა 70% დანგრეულია ეკონომიკური სიდუხჭირის გამო.
       სწორედ, რომ ამ ომში მოტყუებულ ჩვენს პრეზიდენტზე უარი თქვა  ქართველმა ხალხმა, რომელიც დარწმუნდა მის წინდაუხედავ დიპლომატიასა და პოლიტიკაში.''
     ბატონმა სააკაშვილმა ალბათ არ იცის და არც ათვალიერებს ინტერნეტ სივრცეს გულდასმით, სადაც ოსურ ინტერნეტსივრცეში ისეთი ფოტომასალებს წავაწყდით, რომელიც  უდავოდ ადასტურებს რომ ცეცხლმოდებულ ცხინვალში, როცა იწვის  ,,ბოგირზე'' ცენტრალური უნივერმაღი, ჩემი საყვარელი ცხინვალის პედაგოგიური ინსტიტუტი, მოსკოვისა და ლენინის ქუჩების გადაკვეთაზე,  მხოლოდ ქართველი ჯარისკაცები არიან აღბეჭდილნი. ეს ფოტო მასალა ხომ სრულად ჰფენს ნათელს, იმ ვითარებას,  თუ ვინ დაიწყო ომი.
   ომის ვის მიერ დაწყების უამრავი ფაქტის მოყვანა შეიძლება  არგუმენტებით, როცა ჯერ კიდევ  ქალაქი გორი 7 აგვისტოს მშვიდი ცხოვრებით ცხოვრობდა და მაღალსართულიანი ბინებიდან ძალიან კარგად მოჩანდა ცხინვალის თავზე წითლად გავარვარებული ცა, ყველა გორელი კორპუსებიდან ამ ,,თონესავით'' გაწითლებულ ცას შევყურებდით და ქართული არტილერიის ხმა ექოს აძლევდა მთელს ქართლს... ამას დაადასტურებს სრულიად შიდა ქართლისა და კონფლიქტის ზონის  მცხოვრებნი.
ანდა რა საჭირო იყო ტალიავინის კომისიის ის  ძვირად ღირებული კომისიის შექმნა და მსჯელობა უაზრო კითხვაზე ,,თუ რომელმა მხარემ  დაიწყო ომი'' ეკითხათ ერთი ჩვეულებრივი  ნებისმიერი ადამიანისათვის  ქართულ-ოსური კონფლიქტის ზონიდან ნიქოზიდან, ერედვიდან, თამარაშენიდან ან ერგნეთიდან და მათგან რეალურ პასუხს მიიღებდნენ.
კიდევ ერთხელ ვიმეორებ მთელმა ქართლმა , კონფლიქტის ზონის მოსახლეობამ და ათასობით დევნილმა ოჯახმა  იცის ომის რეალობა , ასე რომ  იმ ძველ ჩინოვნიკებს, ვისაც ერთხელაც არ უნახავთ კონფლიქტის ზონა, ანდა ერთი ნახვის შემდგომ უკან აღარც მოუხედავთ შიშით,  ენის ტლიკინისაგან თავი შეიკავონ, რომლებთაც კონფლიქტის ზონიდან შორს თბილისში, უშიშარ საიმედო ადგილას ,  ენები  უგრძელდებათ  ტრიბუნებთან.  სწორედ მათი  პოლიტიკისა და დიპლომატიაში დიდი უცოდინრობის შედეგი იყო ათასობით დევნილი ოჯახები და ჩვენთვის, ზოგ-ზოგიერთებისათვის ჯერ კიდევ მაშინ დაზარალებული ქართული სახელმწიფო და ტერიტორიული მთლიანობა. მე , როგორც დღეს ერთერთი დამფუძნებელი ,,ქართულ-ოსური მისიისა,''  რომელიც ვიბრძვი, ქართველების,ოსების, რუსებისა  და აფხაზების შერიგებისათვის, რომ იქნებდა რამენაირად ისევ მშვიდობამ დაისადგუროს  ერებს შორის, იქნებდა როგორმე გაციებული გულები მოგვიბრუნდეს ერთმანეთისაკენ, იქნებდა იმ დედებს ვინც ოჯახიდან შვილები შესწირეს თვალზე ცრემლი შეუშრეს, არ ვთვლი ამ 2008 წლის აგვისტოს ომის გამოძიებას საჭიროდ!
ეს ისევ მტრის წისქვილზე დაასხავს წყალს და ახლიდან გავეხვევით საერთაშორისო სკანდალში.
ომს დაუწერელი კანონები ააქვს და ტყვია ვერ არჩევს ქართველსა და ოს, ბოროტსა და კეთილს, ადგილობრივსა და უცხოელს, დიდსა თუ პატარას.
 რუსეთს საქართველოს მტრობა რომ სდომებოდა არ მოგვცემდნენ 2007 წ. დიდი ლიახვის ხეობაში წვერიახოს გაუვალ გზებზე თამამად სიარულისა და იმ ხეობის აშენების შესაძლებლობებს. ჩემი იქ იმ ყველაზე რთულ მომენტებში  ყოფნის, წელიწადნახევრის განმავლობაში,  არ ყოფილა არანაირი პროვოკაციული ინციდენტი ამ  ტყის გაუვალ გზაზე. მე პირადად  უამრავი შემთხვევას გავიხსენებ , როცა ჩემი პირადი მძღოლი  გამიშვია და მითქვამს მე მარტო გადავალ წვერიახოზე თქო,  გაგვათამამეს, იმდენად მშვიდი გარემოება შეგვიქმნეს სამშვიდობოებმა მაშინ. ამას დღეს რომ ვიხსენებ ცოტა არ იყოს ჟრუანტელი მივლის , ნუთუ ის გაბედული მე ვიყავი?  მაგრამ ვიღაცას ხომ უნდა ეჩვენებინა მხნეობა და გამბედაობა... მაგრამ უბედურება იმაშია , რომ ვიღაც ვიღაცეებს არ აწყობთ საქართველოს მშვიდობა ჰქონდეს მეზობელ სახელმწიფოებთან და რამოდენიმესაათიანი ომიც მოგვიწყეს.
 ასე რომ ამდენი მაგალითების შემდგომ მსგავსი ნაბიჯები აღარ უნდა გავიმეოროთ და იგივე გზა აღარ უნდა გავიაროთ!

  ვფიქრობ  თავი  უნდა  დავანებოთ აგვისტოს ომის გამოძიებას! რამეთუ, აღარ უნდა  განვუახლოთ შვილმკვდარ დედებს ის დიდი ტკივილი და წუხილი რაც აგვისტოს ომმა მოუტანა მათ ოჯახებს.

იმ შემთხვევაში თუ ძველი ხელისუფლების ჩინოვნიკები ხელს შეგვიშლიან  და გააქტიურდებიან ოსების,აფხაზებსა და რუსეთთან წინააღმდეგ შერიგებაში , მაშინ კი მთელი დევნილობა , თვითმხილველნი და მოწმენნი გამოვალთ მართალი სიტყვის სათქმელად.
 ახლა კი ის დროა ჩვენს ქართულ ისტორიას და ქართველი ერის ავტორიტეტს მოვუფრთხილდეთ.  ვიფიქროთ ჩვენი ქვეყნის წარსულზე, აწმყოსა და მომავალზე.
დავემშვიდობოთ სააკაშვილის  მმართველობის ეპოქას  ისე ,როგორც ღირსეულ ერს გვეკადრება, გავუფრთხილდეთ არა პრეზიდენტის გვარ სახელს და პიროვნებას , არამედ საქართველოს პრეზიდენტის ტიტულს, რამეთუ  ჩვენმა  შთამომავლობამ მომავალში ცუდად არ ამოიკითხონ ქართული ისტორიის ფურცლებზე  ქართველი ერის დამოკიდებულება საკუთარი პრეზიდენტების მიმართ , რომელიც  შეხედულებას შეუცვლის წარსულ თაობებზე.

  ,,ქართულ-ოსური მისიის'' პასუხისმგებელი მდივანი,
   სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციის ყოფილი თანამშრომელი

  მარინა კაჟაშვილი


14.04.2013.

No comments:

Post a Comment

შეხვედრა ვლადიკავკაზის ქართულ სკოლაში (2010წლის მაისი)






2010 წლის მეგობრობის შეხვედრები