Feb 16, 2013

ზურაბ აბაშიძე - არავის უნდა გაუჩნდეს განცდა, რომ ვინმე რუსეთთან მალულად გარიგებაზე მიდის

18:14 14-02-2013
ზურაბ აბაშიძე - არავის უნდა გაუჩნდეს განცდა, რომ ვინმე რუსეთთან მალულად გარიგებაზე მიდის რუსეთთან ურთიერთობების პრობლემებსა და ამ საკითხზე საზოგადოებასა და პოლიტიკურ წრეებში აზრთა სხვადასხვაობის ასპექტებზე, "ინტერპრესნიუსი" რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში პრემიერ-მინიტრის სპეცწარმომადგენელს, ზურაბ აბაშიძეს ესაუბრა.

- ბატონო ზურაბ, გასული წლის ბოლოს რუსეთთან დაწყებულმა პირდაპირმა დიალოგმა ჩვენ საზოგადოებაში დიდი ინტერესი და, ამავე დროს, აზრთა სხვადასხვაობაც გამოიწვია. თქვენ როგორ შეაფასებთ ამ მნიშვნელოვან თემაზე დაწყებულ მსჯელობას?

- დაბეჯითებით შეიძლება ითქვას, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივამ რუსეთთან დიალოგის დაწყების თაობაზე ჩვენი მოსახლეობის უდიდესი უმრავლესობის მხარდაჭერა მოიპოვა. სხვათა შორის, გახსოვთ ალბათ, რომ რუსეთთან ურთიერთობების დარეგულირება "ქართული ოცნების" ერთ-ერთი მთავარი წინასაარჩვენო დაპირება იყო. ამგვარად, ამ რთულ საქმეში ჩვენ მართლა ვგრძნობ თ ხალხის მხარდაჭერას. თუმცა, ბუნებრივია, ეს მხარდაჭერა უპირობო არ არის. ჩრდილოელ მეზობელთან ურთიერთობების დარეგულირება ახალი პრაგმატული მიდგომით ისე უნდა მოვახერხოთ, რომ ეს სრულად შეესაბამებოდეს ჩვენი ქვეყნის სასიცოცხლო ინტერესებს.
ამასთანავე, ჩვენ თავიდანვე ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ ხელშესახები პროგრესი რუსეთთან ურთიერთობებში, განსაკუთრებით იმ პრობლემებთან მიმართებაში, რომლებიც დაკავშირებულია კონფლიქტურ რეგიონებთან, სწრაფად არ მოხდება.
- თქვენი ოპონენტები მიიჩნევენ, რომ ეს მეტად სარისკო წამოწყებაა და რუსეთს გაცილებით მეტი შანსები აქვს, თავის სასარგებლოდ წარმართოს ორმხრივი დიალოგი...
- ჩემი აზრით, უაღრესად სარისკო და სახიფათო სწორედ რუსეთთან მუდმივად კონფლიქტში ყოფნაა, რომ აღარაფერი ვთქვათ სამკვდრო-სასიცოცხლო დაპირისპირებაზე, რისი სავალალო გამოცდილება ჩვენ უკვე გვაქვს. თუმცა, ვეთანხმები ოპონენტებს იმაში, რომ ეს ახალი პროცესი რთული გზა იქნება და, თუ დიპლომატია შესაძლებლობათა ხელოვნებაა, სწორედ ამ საქმეში უნდა ვიმოქმედოთ უაღრესად გააზრებულად, როგორც იტყვიან - აფთიაქარის სიზუსტით.
აუცილებელია, რომ საზოგადოებამ არ იგრძნოს თავი პროცესიდან გარიყულად, არავის უნდა გაუჩნდეს განცდა, რომ ვინმე მალულად რუსეთთან გარიგებაზე მიდის. ამიტომ, ჩვენი სურვილია ამ პროცესში ჩაერთოს ექსპერტთა ფართო წრე, პოლიტიკოსები, მედიის წარმომადგენლები.
გასული წლის 14 დეკემბერს ბატონ კარასინთან ჩემი პირველი შეხვედრის შემდეგ, უკვე გამოვედი პარლამენტში უმრავლესობის წინაშე. თუკი იქნება პარლამენტართა დაინტერესება, მზად ვარ, მოგვიანებით კვლავ წარვსდგე უფრო ფართო აუდიტორიის წინაშე. დასამალი არაფერი გვაქვს.
მე ყურადღებით ვადევნებ თვალს რუსეთთან ურთიერთოებებში გამოცდილი ადამიანების თუნდაც კრიტიკულ მოსაზრებებს და ბევრ საყურადღებო რამესაც ვისმენ. იმედი მაქვს, გამოინახება ფორმა მათთან კონსულტაციებისა და თანამშრომლობის. ამასთანავე, მე კარგად მახსოვს, თუ როგორ უშედეგოდ ცდილობდა წინა ხელისუფლება რუსეთთან პირდაპირი დიალოგის დაწყებას. ახლა კი, სურთ, ეს წარუმატებლობა რაღაც ეფექტურ სტრატეგიად წარმოაჩინონ და ჩვენ გვაბრალებენ იმას, რაც თვითონ ვერ მოახერხეს.
-და მაინც, რა სიკეთის მოტანა შეუძლია საქართველოსათვის რუსეთთან დიალოგს და კონკრეტულად რა საფრთხეებს ხედავენ ოპონენტები?
- ზოგი სასიკეთო ცვლილება მგონი, უკვე სახეზეა. არ ვიცი, ამჩნევთ თუ არა, რომ საზოგადოებაში თითქმის აღარ საუბრობენ რუსეთთან მორიგი სამხედრო კონფლიქტის ალბათობაზე. შეგახსენებთ, რომ ნებისმიერი მცირედი ინციდენტი კონფლიქტის რეგიონებში ან მათ სიახლოვეს მყისიერად იწვევდა დისკუსიებს თემაზე: გვემუქრება თუ არა მორიგი შეიარაღებული დაპირისპირება? ეს უმნიშვნელო ცვლილება ნამდვილად არ არის.
მნიშვნელოვანი წინსვლაა ქართული პროდუქციის რუსულ ბაზარზე დაბრუნების თვალსაზრისითაც. დიალოგის დაწყებიდან სულ რაღაც ორი თვის თავზე, სავსებით რეალურად გვესახება გაზაფხულზე ქართული ღვინისა და მინერალური წყლების გამოჩენა რუსულ ბაზარზე. ჯერი აგრარულ პროდუქტებზეა.
მოსკოვთან დიალოგის დაწყებამ დადებითად შეცვალა რუსეთში ჩვენი დიდი დიასპორის გუნება-განწობილება. წლების განმავლობაში, დაძაბული კონფრონტაციის ფონზე, ხშირად არც კი გვესმოდა მათი ხმა: რატომ არ ფიქრობთ ჩვენზე, ჩვენც ხომ თქვენი სისხლი და ხორცი ვართ, ნუთუ ოდნავ მაინც არ გაწუხებთ ჩვენი ბედი? არადა დაძაბულობის წლებში, დაუმსახურებლად და ხშირად ელემენტარული კანონიერების უხეში დარღვევების გამო, ამ ხალხს ბევრი უსიამოვნება შეხვდა. ბოლო წლებში მოსკოვში მცხოვრები ჩვენი თანამემამულეებისთვის დიდი მხარდაჭერა და შვება იყო საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ლოცვა-კურთხევა, მისი ბრძნული სიტყვა და რჩევა. ჩვენ დიასპორაში ბევრი ცნობილი პიროვნებაა. არიან ისეთებიც, ვისაც საკმაოდ დიდი ივესტიციების განხორციელება შეუძლია საქართველოში. აქამდე მათ, პოლიტიკური მოსაზრებებით, ამის საშუალებას არ აძლევდნენ. დღეს არაერთი ჩვენი თანამემამულე ფიქრობს საქართველოში საინტერესო პროექტების დაწყებაზე. ეს ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური წინსვლის საკმაოდ სერიოზული რეზერვია. არის სხვა შესაძლო სასიკეთო ფაქტორებიც, რაზედაც მოგვიანებით გვექნება საუბარი.
- თქვენ მაინც უფრო სასიკეთო ასპექტებზე საუბრობთ . . .
- გეთანხმებით, არის გასათვალისწინებელი რისკებიც. კერძოდ, ჩვენ არ უნდა დავუშვათ ე.წ. ჟენევის ფორმატის დასუსტება. მოგეხსენებათ, რომ ჟენევაში ჩენი დასავლელი პარტნიორებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების შუამავლობით განიხილება 2008 წლის აგვისტოს ომის შედეგად წარმოქმნილი პრობლემები. ამიტომ ეს ინსტრუმენტი მაქსიმალურად ეფექტურად უნდა გამოვიყენოთ და არ დავუშვათ მისი დაკნინება. რომ არ მოხდეს რუსეთთან დიალოგის თუნდაც ფსიქოლოგიური გაიგივება ჟენევის ფორმატთან, გადავწვიტეთ, ბატონ კარასინთან ჩემი მორიგი შეხვედრა 1-ელ მარტს გაიმართება სხვა ევროპულ ქალაქში.
ასევე ზოგიერთი შიშობს, რომ რუსეთთან პირდაპირი დიალოგი გამოიწვევს ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონის ეროზიას. პირდაპირ გეტყვით, კანონი ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ "კარგი ცხოვრების" გამო არ იქნა მიღებული. ეს იძულებითი ნაბიჯი იყო. დღეს ეს კანონი სამართლებრივი ნორმაა, რომელიც ადასტურებს ჩვენს სუვერენულ უფლებებს აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთის ტერიტორიებზე. ამიტომ, ჩვენ ღიად და პრინციპულად ვუხსნით ყველას, რომ ამაზე უარს ვერ და არ ვიტყვით. უფრო მეტიც, ჩვენ მაქსიმალურად უნდა შევინარჩუნოთ და გავაძლიეროთ დასავლელი პარტნიორების მხარდაჭერა ამ კუთხით. ეს არ არის იოლი, მაგრამ არც შეუძლებელია: ხომ შესძლო ერთობლივად პოზიცია-ოპოზიციისგან შემდგარმა ქართულმა დელეგაციამ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე შესაბამისი რეზოლუციის მიღება და ამ დოკუმენტში ტერმინი "ოკუპაციის" შენარჩუნებაც?!
რუსეთთან დიალოგმა არანაირად არ უნდა შეაჩეროს ჩვენი წინსვლა ევროატლანტიკური მიმართულებით. ვიცი, რომ ეს ორი პროცესი - ნატო-ში გაწევრიანება და რუსეთთან საერთო ენის გამონახვა - დღეს სრულიად წინააღმდეგობრივად გამოიყურება; მაგრამ უაღრესად სწრაფად ცვალებად მსოფლიოში არავინ უწყის, თუ რა რეალობა იქნება გლობალურად და ჩვენს სიახლოვეს ხვალ, ან ორი-სამი წლის შემდეგ. ჩემი ასაკის ხალხი ბოლო ოცი წლის განმავლობაში ისეთი დრამატული ცვლილებების მოწმენი გავხდით, რომლებზეც სიზმარშიც კი ვერ ვიოცნებებდი. ჩემი მთავარი ცხოვრებისეული გამოცდილებაც ესაა: შეუძლებელი არაფერია!
პესიმისტები იმასაც ამტკიცებენ, რომ რუსეთის ბაზარი მეტად სარისკოა, ამიტომ პოლიტიკური მიზეზების გამო ქართველმა მეწარმეებმა შესაძლოა, კვლავ მოიტეხონ კისერი. გეთანხმებით, გამორიცხული არაფერია. თუმცა რისკი ნებისმიერი ბიზნესის ნაწილია და თვითონ მეწარმეებმა უნდა განსაზღვრონ, თუ რაოდენ უღირთ რუსულ ბაზარზე დაბრუნება. დიპლომატიის და პოლიტიკოსის საქმეა კარის გახსნა, ბიზნესმენისა კი - ამ კარში შესვლა ან არშესვლა.
თქვენ ალბათ ხედავთ, რომ ჩვენი დასავლელი პარტნიორები ერთსულოვნად მიესალმნენ საქართველო–რუსეთის დიალოგის დაწყებას. ბუნებრივია, ისინიც ხედავენ სარისკო მომენტებს, მაგრამ საერთო ჯამში, მათი აზრით, ამ ეტაპზე პოზიტივი აშკარად გადაწონის შესაძლო უარყოფით მხარეებს. ეს თანაფარდობა აუცილებლად უნდა შევინარჩუნოთ.
- ევროპისა და ნატო-სკენ სწრაფვა და იმავდროულად რუსეთთან ურთიერთობის დალაგება რომ ურთულესი საქმეა, თავადაც აღნიშნეთ, მაგრამ ისიც ფაქტია, რომ რუსმა ექსპერტებმა, რომლებიც ამას წინათ თბილისში იმყოფებოდნენ და ქართველ ექსპერტთა უმრავლესობის აზრით თბილისში პრაქტიკულად რუსეთის საგარეო უწყებაში მომზადებული მოხსენება ჩამოიტანეს, დელიკატურად, მაგრამ მაინც მოგვიწოდეს, საქართველომ სახელმწიფო დონეზე დაიწყოს თავისი საგარეო პოლიტიკური კურსის ალტერნატიულ სტრატეგიასა და თავისი უსაფრთხოების სხვა მექანიზმებით უზრუნველყოფაზე ფიქრიო. რჩება შთაბეჭდილება, რომ მოსკოვი თბილისისგან საგარეო კურსის შეცვლას ითხოვს და, იმავდროულად, არაორაზროვნად მიგვანიშნებს, რომ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის საკითხები ის წითელი ხაზებია, რომელზეც რუსული მხრე უარს ვერ იტყვის. . .
- რუსეთის ამ "წითელი ხაზების" შესახებ ჩვენ პირველად არ გვესმის. ანუ, ვიცით, რომ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარებაზე უარის თქმას მოსკოვი არ აპირებს; თუმცა, მოსკოვშიც იციან ჩვენი "წითელი ხაზების" შესახებ; ესენია, კერძოდ, სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და საერთაშორისო საქმეებში თავისუფალი არჩევანის შენარჩუნების პრინციპები. ეს უკანასკნელი სწორედ ჩვენს ევროატლანტიკურ ორიენტაციაზე მიუთითებს. ვითარება სწორედ იმით წააგავს მოჯადოებულ წრეს, რომ ამ ორი ურთიერთსაპირისპირო მიდგომიდან ჯერ გამოსავალი არ ჩანს. სხვათა შორის ამის შესახებ ორიოდე თვის წინ პრეზიდენტმა პუტინმაც გააკეთა კომენტარი და აღნიშნა, იქნებ ექსპერტებმა მაინც იპოვონ ასეთი გამოსავალიო. ჩვენ ორმხრივ ფორმატში ჯერ "წითელ ხაზებზე" არ ვსაუბრობთ, რათა საწყის ეტაპზევე არ შევიყვანოთ ჩიხში დიალოგი. მაგრამ ადრე თუ გვიან, ამ ურთულეს თემებზეც საუბარი უთუოდ დაიწყება.
- რა თემებზე იქნება საუბარი 1-ელ მარტს კარასინთან მორიგ შეხვედრაზე?
- გასული წლის 14 დეკემბერს ჩვენს პირველ შეხვედრაზე განვსაზღვრეთ საწყის ეტაპზე განსჯისა და თანამშრომლობის სფეროები. ესენია: სავაჭრო ურთიერთობები, სატრანსპორტო კავშირები, ჰუმანიტარულ–კულტურული კონტაქტები. ტრანსპორტის სფეროში, კერძოდ, საუბარია რეგულარული ავიარეისების აღდგენაზე, ასევე სახმელეთო გადაზიდვებზე ყაზბეგი–ზემო ლარსის მარშრუტით. ამასთან დაკავშირებით არის მოსაგვარებელი საკითხები. ჩვენ ასევე გადავხედავთ, თუ რა წინსვლაა ვაჭრობის კუთხით, კერძოდ ჩვენი პროდუქციის რუსულ ბაზარზე დაბრუნების თვალსაზრისით. შესაძლოა, ვისაუბროთ აღნიშნულ სფეროებში თანამშრომლობის ახალ მიმართულებებზეც.
- ხომ არ არის საუბარი საქართველოს მოქალაქეებისთვის რუსეთში ვიზების გაუქმების შესახებ?
- არა, ვიზების გაუქმება უახლოეს მომავალში არ არის მოსალოდნელი, თუმცა სავიზო რეჟიმის შერბილება ბევრ ჩვენ მოქალაქეს წაადგებოდა. ვნახოთ...
- რუსეთთან დაწყებულმა დიალოგმა საკმაოდ წაახალისა კულტურული კავშირები. თქვენ ამაზეც ზრუნავთ?
- კულტურული დიალოგი ხშირად თვითონ იკაფავს გზას, თუმცა მას სახელმწიფოებრივი მეურვეობაც სჭირდება. არის ასეთი მომენტიც: ჩემთან ბევრი კულტურასთან დაკავშირებული ინიციატივა იყრის თავს. ზოგი მათგანი მართლაც საყურადღებოა და მხარდასაჭერი. ზოგი კი აშკარად არ ითვალისწინებს იმ რეალობას, რომ ახლა ჩიხური მდგომარეობიდან გამოსვლას ვცდილობთ და სადღესასწაულო ჯერ არაფერია. ამიტომ ერთი უკიდურესობიდან მეორეში არ უნდა გადავარდეთ. ვფიქრობ, რომ ჰიპერაქტიურობა საქმეს არ წაადგება, ყველაფერში ზომიერებაა საჭირო.

კობა ბენდელიანი
"ინტერპრესნიუსი"

No comments:

Post a Comment

შეხვედრა ვლადიკავკაზის ქართულ სკოლაში (2010წლის მაისი)






2010 წლის მეგობრობის შეხვედრები