Apr 22, 2013

მიმართვა საქართველოს პარლამენტს და პარლამენტის თავმჯდომარეს ბატონ დავით უსუფაშვილს პარლამენტში საკანონმდებლო ინიციატივის შესვლის თაობაზე

ბატონო დავით,

ეს მეორე წერილია, რომლითაც „ქართულ-ოსური მისია“ მოგმართავთ. გთხოვთ, მიიღოთ პატივისცემის და თანამშრომლობის დასტურად. ასეთია მისიის განწყობა, რომლის შემადგენლო-ბაში საზოგადოებისათვის ცნობილი პიროვნებები არიან, მათ შორის სოხუმიდან და ცხინვალიდან.
წინადადება თანამშრომლობის თაობაზე თქვენ გეკუთვნით. 2012 წლის 19 დეკემბერს თქვენთან შეხვედრაზე ჩვენი მისიის წევრებს, ქალბატონებს ინესა იამანიძეს და მარინა კაჟაშვილს, ბატონებს ფერდინანდ ლორთქიფანიძეს და გიორგი გაგლოევს შესთავაზეთ წინადადება პარლამენტის კომიტეტებთან, საერთოდ პარლამენტთან თანამშრომლობის თაობაზე.  დარწმუნებული ვართ, თქვენი პოზიცია გაცილებით მეტად იქნება გაზიარებული პარლამენტის კომიტეტების მიერ. ეს ჩვენი სურვილიც არის და მიგვაჩნია, რომ დიდად წაადგება ჩვენს საერთო მიზანს.

ბატონო დავით,
დრო და შექმნილი სიტუაცია ბევრ საკითხს გვკარნახობს განსახილველად და გადასაჭრელად. ამ ეტაპზე გამოვყოფთ  ოთხ უმნიშვნელოვანესს, რომლებზეც, ჩვენი აზრით, ღირს დაფიქრებაც და შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებაც.

პირველი - ურთიერთმიმოსვლა, ადამიანთა ურთიერთობებისათვის პირობების შექმნა და  საზღვრების გახსნა.
დასანანია, რომ აზროვნებისათვის მიუწვდომლად არის გართულებული საქართველოს მოქალაქეების გადაადგილება აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის მიმართულებით, ანუ ჩვენს მიერვე აღიარებულ საქართველოს საზღვრებში. კიდევ უფრო გვიჭირს იმის თქმა, რომ მიმოსვლას ქართული მხარის წარმომადგენლები
გაცილებით მეტ წინააღმდეგობას უწევენ.
ჩვენი წინადადება კონკრეტული და ლაკონურია: საქართველოს ყველა მოქალაქეს  ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე უნდა შეეძლოს გადაადგილება როგორც სოხუმის, ასევე ცხინვალის მიმართულებით.
       ამ საკითხთან დაკავშირებით, საქართველოს უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში, შემოვდივართ  საკანონმდებლო ინიციატივით, რათა  განხილულ იქნას  პარლამენტში
კანონი ,,ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ'' და  მოხდეს  მასში ცვლილება იმ საკითხთან დაკავშირებით, რამეთუ გაუქმდეს ყველანაირი , როგორც სისხლისსამართლებრივი ასევე ადმინისტრაციული სასჯელი  საზღვრის გადამკვეთ-გადმომკვეთზე. ამავე დროს შეიქმნას და გაძლიერდეს კონფლიქტის   საზღვრებთან,  როგორც მონიტორინგის ისე სასაზრვრო  კონტროლის უმკაცრესი სამსახური, თუკი რა საკვირველია  ჩვენს ძმებთან  აფხაზებთან და ოსებთან შერიგების სურვილი გვაქვს.

მეორე -  პატიმართა საკითხი.

რამდენიმე თვის წინ „ოს ხალხთა ასამბლეამ“ მოგვმართა თხოვნით, დაგვეზუსტებინა პატიმართა სია სამხრეთ ოსეთიდან და აფხაზეთიდან. 
ჩვენ ვფიქრობთ, რომ ჩვენს აფხაზ და ოს ძმებთან საუბრისას ამ თემით სპეკულაციის საფუძველი ყველას უნდა მოვუსპოთ.
ჩვენ გვჯეროდა, ჩვენს გულწრფელ დამოკიდებულებას ჩვენი ძმების ასეთივე განწყობა მოჰყვებოდა და  2013 წლის მარტის  დასასრულს ოსურმა მხარემ გაათავისუფლა სამი ქართველი პატიმარი ოსური ციხიდან.
ალბათ მსგავს ნაბიჯს ქართული სახელმწიფოც   გადადგავს.
ეს კი კარგი  საყრდენი იქნება მომავალი ურთიერთობებისათვის.
ჩვენ ამ საკითხთან დაკავშირებით მივმართეთ სასჯელაღსრულების მინისტრს, ბატონ სოზარ სუბარს და სახალხო დამცველს, ბატონ უჩა ნანუაშვილს, რომლებთანაც შეხვედრები შედგა.
გვინდა გთხოვოთ თანადგომა.

მესამე - პოლიტიკური დევნილები.

„ქართულ-ოსური მისია“ სრულად იზიარებს პარლამენტის გადაწყვეტილებას პოლიტპატიმრებსა და პოლიტდევნილებთან დაკავშირებით. თქვენ გაბედული ნაბიჯი გადადგით, მაგრამ პრობლემა სრულად უნდა მოიხსნას.

ჩვენ სერიოზულად გვაშფოთებს ის ფაქტი, რომ „ნაციონალური“ ხელისუფლების მიერ ბიზნესთან დაკავშირებული ორი პიროვნება განსაკუთრებულ დევნას და შევიწროებას განიცდიდა, იძულებული გახადეს დაეტოვებინათ საქართველო. კონსტანტინე სალია - აფხაზი, გოჩა ძასოხოვი - ოსი. არაგვგონია, რომ საქართველოს სახელს მატებდეს კონსტანტინე სალიასა და გოჩა ძასოხოვის დევნილობაში ყოფნა, მით უფრო მაშინ, როცა, ჯერ ერთი, ავიწროვებდნენ, უსამართლოდ მოექცნენ, ხელყვეს მათი საკუთრება და, მეორეს მხრივ,  უამრავი კეთილი საქმე აქვთ გაკეთებული და სამომავლოდაც ასევე არიან განწყობილნი.

ჩვენ  ეს საკითხები „ქართულ-ოსური მისიის“ გაფართოებულ სხდომაზე განვიხილეთ და ერთხმად მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ყველაფერი გავაკეთოთ, რათა დადგინდეს სიმართლე ბატონ გოჩა ძასოხოვთან და კონსტანტინე სალიასთან დაკავშირებით და ქვეყნისთვის საჭირო ადამიანები  ქვეყანაში დაბრუნდნენ.

ჩვენ უკვე დიდი ხანია გვაქვს შემოტანილი თხოვნა საქართველოს პარლამენტში, რომ გოჩა ძასოხოვს  მიენიჭოს პოლიტიკური დევნილის სტატუსი; ასევე მივმართეთ საქართველოს მთავარ პროკურორს, რათა გამოძიებულ იქნას გოჩა ძასოხოვის წერილში მოყვანილი აღმაშფოთებელი ფაქტები.
გთხოვთ, თქვენს თანადგომას სიმართლის დადგენაში.
მეოთხე - დევნილი სტუდენტების საკითხი, რომელთაც სწავლის პროცესი შეუჩერდათ სწავლის გადასახადის გადაუხდელობის გამო და ტოვებენ უმაღლეს სასწავლებლებს.
 ბატონო დავით,
 მოგმართავთ თხოვნით რათა  პარლამენტმა განიხილოს კანონი ,,განათლების შესახებ''   და  შეიტანონ შესწორება იმ პუნქტში სადაც წერია , რომ შეღავათით სარგებლობს მხოლოდ ახალი დევნილი  ანუ ეს შეღავათი არ ვრცელდება ძველ დევნილ სტუდენტებზე.   ამონარიდი კანონიდან ,,სტუდენტები, რომლებიც 2008 წლის აგვისტომდე, ორი წლის განმავლობაში სწავლობდნენ ოკუპირებულ ტერიტორიებზე (აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი) ჩასწორდეს.
          გთხოოვთ იზრუნო დევნილ ახალგაზრდა თაობაზე და მათ უფასო სწავლა განათლებაზე, რომელნიც  ჩვენი ქვეყნის ხელოვნურად შექმნილი ომებისაგან გულნატკენი მომავალია! სააკაშვილის საგანმანათლებლო რეფორმის წინასწარ ნეგატიურად განზრახული პუნქტი გაუქმდეს, ,, დევნილთათვის სწავლის გადასახადის შესახებ'' რის მიხედვითაც დევნილმა , რომელმაც ორი დიდი 1990-2008 .  ომების შემდგომ დაკარგა უძრავი, მოძრავი, გაიაზროს ყველამ, როგორ? რანაირად შეუძლიათ სწავლის საფასურის გადახდა ? ეს იყო იქით მიმართული გზა, რომ ახალგაზრდა დევნილები უწიგნურნი დარჩენილიყვნენ რათა ვერ გაეაზრებინათ კონფლიქტებთან მიმართებაში შექმნილი სიტუაციები, პასუხი არ მოეთხოვათ ხელოვნურად შექმნილი ომის ორგანიზატორთათვის. 
ამიტომ ვითხოვთ,,უფასო სწავლა-განათლება დევნილებს !''

და ბოლოს ,,ქართულ-ოსური მისიის'' წევრები ჩაერთნონ სახელმწიფო მართვის სტრუქტურებში, განსაკუთრებით იმ სამინისტროებსა და უწყებებში, რომლებიც ძირითადად მუშაობენ კონფლიქტებისა და დევნილთა საკითხებზე , რამეთუ ჩვენთვის საზოგადოებისათვის ნათელი და გამჭვირვალე იყოს  იმ კონფლიქტების საკითხების შესწავლისა და მოგვარების პროცესი, რომელიც ათეული წლებია მოუგვარებელ პრობლემად იქცა ქვეყნისათვის.

ბატონო დავით,
ვფიქრობთ, დაგვეთანხმებით, რომ ჩვენს მიერ წარმოდგენილი ოთხივე საკითხი საჭირბოროტოა. როგორც დასაწყისში აღვნიშნე, „ქართულ ოსურ მისიას“ ბევრი სხვა საკითხიც აქვს. ჩვენ გიგზავნით „ქართულ-ოსური მისიის“ სრული შემადგენლობის სიას თქვენთან შეხვედრის და ამ საკითხებზე საუბრის სურვილით.

დარწმუნებული ვართ, თქვენ მიიღებთ ჩვენს წინადადებას და გამოძებნით დროს უახლოეს პერიოდში შეხვედრისათვის. ეჭვი არც იმაში გვეპარება, რომ ამ შეხვედრაზე ჩვენ მივიღებთ პასუხს ჩვენს მიერ დასმულ საკითხებზე.

პატივისცემით,
„ქართულ-ოსური მისიის“ თავმჯდომარე,                                              რეზო ამაშუკელი


22.04.2013.

 

 

No comments:

Post a Comment

შეხვედრა ვლადიკავკაზის ქართულ სკოლაში (2010წლის მაისი)






2010 წლის მეგობრობის შეხვედრები