14:06 05-01-2013
ყველა ამერიკელის გული ამჟამად ქართველი სერჟანტის ოჯახთან ერთად არის, - ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოში აშშ-ის ელჩმა რიჩარდ ნორლანდმა განუცხადა, რომელმაც რუსთავის სიონის ტაძარში ავღანეთში დაღუპული ქართველი სერჟანტის, გიორგი კიკაძის ოჯახს სამძიმარი გამოუცხადა.ელჩის თქმით, ჯარისკაცის დაღუპვა ნამდვილად საშინელი დანაკარგია, თუმცა მისი თავგანწირვა ფუჭად არ ჩაივლის.
"ყველა ამერიკელის გული ამჟამად ამ ოჯახთან ერთად არის ამ საშინელი ტრაგედიის და დანაკარგის გამო. ეს ნამდვილად საშინელი დანაკარგია და ჩვენ ვწუხვართ ამის გამო. ქართველი, ამერიკელი თუ მსოფლიოს სხვა ქვეყნების წარმომადგენელი თავს სწირავს იმისთვის, რომ მსოფლიოს მნიშვნელოვანი მიზანი იყოს მიღწეული – მშვიდობა და თავისუფლება. ოჯახისთვის დღეს ნამდვილად რთული იქნება ამ მიზეზის გაგება, მაგრამ დროთა განმავლობაში ისინი უფრო გაიაზრებენ იმას, რის გამოც მათი ოჯახის წევრი დაიღუპა და გაიაზრებენ იმასაც, რომ მის თავგანწირვას ფუჭად არ ჩაუვლია", - დასძინა რიჩარდ ნორლანდმა.
კიკაძის ოჯახს დღესვე მიუსამძიმრეს პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა, თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ, საპარლამენტო უმრავლესობისა და ოპოზიციის წარმომადგენლებმა.
No comments:
Post a Comment