პრეზიდენტმა პატრიარქს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური მოუხსნა
ამიერიდან საპატრიარქოს მოუწევს,
დაიქირავოს კერძო დაცვის სამსახური, რაც გამართლებული არ არის და
პრეზიდენტის მხრიდან პატრიარქის მიმართ დამოკიდებულების მაჩვენებელია,“_
აცხადებს ექსპერტი უსაფრთხოების საკითხებში თეონა აქუბარდია For.ge-სთან საუბარში.
მისთვის
აბსოლუტურად გაუგებარია, რას ერჩოდა პრეზიდენტი პატრიარქს, როდესაც
ბრძანებულების თანახმად, პატრიარქსაც უხსნიდა დაცვას. მეტიც, თეონა
აქუბარდიას თქმით, პრეზიდენტის ეს ნაბიჯი შეიძლება ცალსახად ნეგატიურად
შეფასდეს, რადგან კანონი განსაზღვრავდა იმ პირთა ნუსხას, რომელთაც იცავდა
სახელმწიფო დაცვის სპეცსამსახური და მათ შორის იყო როგორც პრეზიდენტი, ისე,
მთავრობა, პრემიერი და პატრიარქი.
მისივე თქმით, როგორც ჩანს,
საპატრიარქოს მოუწევს, დაიქირავოს კერძო დაცვის სამსახური, რაც მიუღებელია
და პრეზიდენტის მხრიდან პატრიარქის მიმართ დამოკიდებულების მაჩვენებელია იმ
პირობებში, როდესაც ყველა ნებისმიერ სოციოლოგიურ გამოკითხვაში პატრიარქი
ყველაზე მაღალი ნდობით აღჭურვილი პირია. ამასთან, თეონა აქუბარდია არ
გამორიცხავს, რომ ამას გარკვეული შეფასება საპატრიარქოსგანაც მოჰყვეს.
რაც
შეეხება უშუალოდ პრეზიდენტს, ამიერიდან სააკაშვილის კონტროლს მხოლოდ მისი
პირადი და ოჯახის წევრების დაცვის ქვედანაყოფი დაექვემდებარება, რომელიც
პრეზიდენტის ადმინისტრაციაში შეიქმნება. დაცვის სპეციალური სამსახურის
ყველა სხვა დანარჩენი ქვედანაყოფი კი პრემიერ-მინისტრს დაექვემდებარება.
ასეთია
შეთანხმება, რომელსაც მმართველმა გუნდმა სახელმწიფო დაცვის სპეციალურ
სამსახურთან დაკავშირებით პრეზიდენტთან და "ნაციონალურ მოძრაობასთან"
მიაღწია.
უმრავლესობის წევრები ფიქრობენ, რომ წესით, ეს არ
უნდა იყოს სერიოზული დანამატი ბიუჯეტისთვის, რადგან ამ კანონის მიხედვით,
სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური იმიჯნება და ერთის ნაცვლად დაცვის
ორი სამსახური იქმნება.
ამ საკითხთან დაკავშირებით თეონა აქუბარდია მიიჩნევს,
რომ დაცვის სპეციალური სამსახურის თითქმის ყველა ქვედანაყოფის
პრემიერ-მინისტრისადმი დაქვემდებარება მოსალოდნელიც იყო, რადგან პრეზიდენტი
ისედაც აცხადებდა, რომ მას აღარ სჭირდებოდა სახელმწიფო დაცვა; და ეს მაშინ
ხდებოდა, როდესაც ინიცირებული იყო სახელმწიფო დაცვის სპეცსამსახურის
შესახებ ცვლილებები და იგი მთავრობის კონტროლქვეშ უნდა გადასულიყო.
დაცვის
სპეციალური სამსახურის ყველა სხვა დანარჩენი ქვედანაყოფის
პრემიერ-მინისტრისადმი დაქვემდებარების მიზეზად თეონა აქუბარდია ასახელებს,
რომ არჩევნების დასრულებისთანავე, პრეზიდენტმა თავისი განკარგულებით
საკმაოდ სერიოზული ცვლილებები შეიტანა სახელმწიფო დაცვის სპეცსამსახურში და
თავისთვის უფლებამოსილება გაიზარდა. ის ცდილობდა, სათავისო ბერკეტები
შეექმნა იმისთვის, რომ დაპირისპირების პროცესში უპირატეს მდგომარეობაში
ყოფილიყო. ამიტომ, ცხადია, პრეზიდენტისთვის ეს ბერკეტი უნდა გამოეცალათ.
„როდესაც
პრეზიდენტი ხალხის მიერ არჩეულ მთავრობას თალიბებს ეძახის და ამბობს, რომ
ეს ქვეყნისთვის საფრთხის შემცველია, ამ რიტორიკაში აბსოლუტურად ჯდება ის,
რასაც ვხედავთ; მაგრამ, როდესაც ამ პოლიტიკური ბრძოლის პროცესში რთავს უკვე
საპატრიარქოს და პატრიარქს, ეს გაუგებარია,“-გვითხრა თეონა აქუბარდიამ.
ის, რომ პრეზიდენტის კონტროლს მხოლოდ მისი პირადი და ოჯახის წევრების დაცვის ქვედანაყოფი დაექვემდებარება, სამხედრო ექსპერტ გიორგი თავდგირიძეს
გამართლებულად არ მიაჩნია. მისი აზრით, როცა საპარლამენტო რესპუბლიკაზე
გადავალთ და პრეზიდენტი მხოლოდ წარმომადგენლობითი ფიგურა იქნება (და არა-
უმაღლესი მთავარსარდალი და აღმასრულებელი ხელისუფლების ხელმძღვანელი),
მაშინ მისი დაცვის სამსახურის ცალკე გამოყოფა შესაძლებელი გახდება. ხოლო,
როცა აღმასრულებელი ხელისუფლება და შეიარაღებული ძალების უმაღლესი
მთავარსარდლობა სააკაშვილზეა დამოკიდებული, მისი პერსონის მიმართ
დამოკიდებულების მიუხედავად, მას აუცილებლად სჭირდება სპეციალური
სამსახური, რომელიც არა მხოლოდ დაცვას განახორციელებს, არამედ დაცვის სულ
უფრო მაღალ ხარისხს უზრუნველყოფს. ანუ შეიძლება, პიროვნებას ახლდეს დაცვა
და მას ფიზიკურად იცავდეს, მაგრამ მეორეა, როცა დაცვა ხორციელდება
ოპერატიული ინფორმაციის, გარკვეული სადაზვერვო ინფორმაციის მოპოვებისას.
ასეთ დროს გაცილებით მეტი ღონისძიებები ტარდება, ვიდრე მხოლოდ ფიზიკური
დაცვაა.
გარდა ამისა, გიორგი თავდგირიძის აზრით,
პრემიერ-მინისტრისადმი დაცვის სპეციალური სამსახურის ყველა სხვა
ქვედანაყოფის დაქვემდებარება გარკვეულ უხერხულობას შექმნის მანამ, სანამ
ახალი კონსტიტუცია არ ამოქმედდება, რადგან ნომინალურად, თეორიულად მაინც
პრეზიდენტი რჩება უმაღლეს მთავარსარდლად.
„ნაციონალური მოძრაობის
გაუაზრებელმა პოლიტიკამ ასეთი რეალობა შეგვიქმნა, როცა ფაქტობრივად, ორი
უმაღლესი მთავარსარდალი გვყავს- ერთი დე იურე პრეზიდენტი და მეორე -
ფაქტობრივი, პრემიერ-მინისტრის სახით, რომელიც პასუხს აგებს ქვეყნის
უსაფრთხოებაზე და მის ხელშია აღამასრულებელი ხელისუფლება. აქედან
გამომდინარე, გარდამავალ ეტაპზე გადაწყვეტილებების მიღება არ უნდა
ვიჩქაროთ,“-აცხადებს სამხედრო ექსპერტი For.ge-სთან საუბარში.
ფორ.გე
2013-01-03 10:30:13
მანანა ნოზაძე
No comments:
Post a Comment