Jan 11, 2013

დიმა ჯაიანი: "აფხაზებს სჯერათ, რომ ჩვენი ურთიერთობა შეიცვლება"



გამარჯობა, აფხაზეთო, შენი! ლურჯო მთებო, თეთრო სანატორია, მომენატრა მზე, სინათლის მფენი, მომენატრა ზღვა, რომელიც შორია." - ძალაუნებურად გალაკტიონის ეს ცნობილი სტრიქონები მახსენდებოდა, როდესაც საქართველოს სახალხო არტისტს, დიმა ჯაიანს ვუსმენდი. ბატონი დიმა საოცარი გულისტკივილით ჰყვება თავის აფხაზ მეგობრებზე, ახლობლებზე, რომლებიც იქ - უძველეს და უმშვენიერეს მხარეში დატოვა:   შობა-ახალი წლის დღეებში განსაკუთრებით მენატრება ჩემი აფხაზეთი, იქაური სითბო და სილამაზე, აფხაზების განუმეორებელი ხიბლი და სტუმართმოყვარეობა... ოჩამჩირის ყველაზე შორეულ სოფლებშიც კი შევხვედრივარ ახალ წელს და იქაური აფხაზების ტრადიციები თითქმის იგივეა, რაც ჩვენი: 13 იანვარს, როცა ძველით ახალი წელი დგება, მეკვლე მოდის დიდი ხის ტაბლით, სადაც კვერცხი, ხილი, ტკბილეული აწყვია, ოჯახში შემოსვლისას ხურდას და ღერღილს მიმოაბნევს, რადგან ღერღილი გამრავლების სიმბოლოა. მახსოვს, მეკვლე ხან აფხაზურად დაგვიძახებდა ხოლმე, ხან - მეგრულად, ხან კიდევ - ქართულად, თანაც სიკეთეს, სიუხვესა და ბედნიერებას გვისურვებდა.
აფხაზებიც ქართველებივით ამოარჩევდნენ ერთ ადამიანს, რომელსაც "კარგი ფეხი" ჰქონდა და ყველას მისი სტუმრობა უხაროდა. აფხაზურ ტრადიციებზე რომ ვლაპარაკობ, "კუჩხი ბედინერი" მახსენდება. საწყენია, რომ ეს სითბო და სიყვარული, რომელიც საუკუნეების განმავლობაში აკავშირებდათ ქართველებსა და აფხაზებს, ახლა უკვე დაიკარგა. ძალიან მენატრება ჩემი მშობლიური მხარე და ჩემი აფხაზი მეგობრები, მათ შორის, კანდიდ ტარბა, რომელიც ახლა აფხაზეთის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლის ერთ-ერთი ხელმძღვანელია - ოცი წლის განმავლობაში ცეკვავდა სუხიშვილების ანსამბლში თავის ძმებთან ერთად. სხვათა შორის, კანდიდი საქართველოს სახალხო არტისტიც გახლავთ. ძალიან მენატრება კანდიდი, მის ოჯახში მისვლა, მისი კაცობა და ჭეშმარიტი აფხაზობა მენატრება. ასეთი ნაცნობი და მეგობარი აფხაზეთში ბევრი მყავს, მაგრამ ის გამორჩეულია. სხვათა შორის, კანდიდი 16 წლის წინ ვნახე თურქეთში, ჩვენი შეხვედრა ენით აუწერელი იყო, ყველა ჩვენ გვიყურებდა, ყველა გაჩუმდა, რადგან მიხვდნენ, რომ რაღაც არაჩვეულებრივი ხდებოდა.

- გასული წელი ძალიან მნიშვნელოვანი იყო საქართველოსთვის - შეიცვალა მთავრობა, პრემიერ-მინისტრი კი ბიძინა ივანიშვილი გახდა. თუ იცით, როგორ შეხვდნენ ამ მოვლენას აფხაზები? 
- აფხაზებს ჩვენსავით იმედი გაუჩნდათ - იმედი იმისა, რომ შეიძლება რაღაც სასიკეთოდ შეიცვალოს. აფხაზები მირეკავენ და მეუბნებიან, რომ ძალიან დიდი სიმპათიით არიან გამსჭვალული ბიძინა ივანიშვილის მიმართ, სჯერათ, რომ ჩვენი ურთიერთობა შეიცვლება. იმასაც მეუბნებიან, სოხუმში რომ ჩამოხვიდე, გული გაგისკდება, - აქ ვერც ერთ სოხუმელს ვეღარ ნახავ, თქვენ ხომ აღარ ხართ, მაგრამ სოხუმელი აფხაზებიც აღარ ცხოვრობენო. აფხაზები იქ უმცირესობაში არიან, ამიტომ ყველა შეგნებულმა აფხაზმა იცის, რომ თუ ასე გაგრძელდა, მათი კულტურა, ენა, ტრადიციები ვერ შენარჩუნდება. დარწმუნებული ვარ, რომ ბიძინა ივანიშვილი ყველაფერს გააკეთებს ქართულ-აფხაზური ურთიერთობების აღსადგენად.

- ბატონო დიმა, "ნაციონალური მოძრაობა" თუ აკეთებდა რამეს ამ მიზნის მისაღწევად? 
- არც კი დავფიქრდები, ისე ვიტყვი, რომ ცხრა წლის განმავლობაში დაასამარეს აფხაზეთი! ახლა კი გამოდიან და ჭკუას გვარიგებენ. რა უფლებით ლაპარაკობენ, როცა აფხაზეთისაკენ გახედვის იმედიც კი მოგვიკლეს?! ან ის რა იყო, ზემო აფხაზეთი რომ დაარქვეს კოდორი ხეობას?  საშინელება ჩაიდინეს და საერთოდ დაგვიკარგეს ეს მხარე. შეიძლებოდა ასე მოპყრობოდნენ ემზარ კვიციანს - კაცს, რომელიც თავისი 400-კაციანი რაზმით იცავდა იქაურობას?! მე ხუმრობით ვამბობდი - აშშ-ისა და რუსეთის შეერთებული არმიაც ვერ მოერევა სვანეთის მთებში ჩასაფრებულ 400 ვაჟკაცს-მეთქი, მაგრამ ეს ხუმრობა კი არა, სინამდვილე იყო. ჩემი თვალით ვნახე, რა ადგილებზეც იყვნენ ისინი ჩასაფრებული. ეს ყველაფერი მშვენივრად იცოდნენ და ამიტომ ჩააბარეს კოდორის ხეობა. თბილისში ხშირად ჩამოდიან აფხაზები, ჩემი მეგობრები, მათ ვინაობას შეგნებულად არ ვასახელებ, ზოგს ოპერაცია სჭირდება, ზოგს - მკურნალობა. მიხარია, რომ ის სიძულვილი, რომელიც მესამე ძალამ დანერგა ჩვენ შორის, მათ გულს არ შეხებია. ჩვენს ურთიერთობაში ახლა ყველა წვრილმანს მნიშვნელობა აქვს. სწორედ ამის წინააღმდეგი იყო ჩვენი ყოფილი ხელისუფლება. ყველაფერს საპირისპიროდ აკეთებდნენ, იმიტომ, რომ სულით ქართველები არ არიან. ყველაფერი გააკეთეს, რომ აფხაზები და ქართველები ერთმანეთს კიდევ უფრო დავშორებოდით. 
ამის დასტურად ერთ მაგალითს მოვიყვან: დიდმა მაესტრომ, თემურ ჩხეიძემ სოხუმის თეატრში უბრწყინვალესი სპექტაკლი დადგა - "ზღვა, რომელიც შორია", რომელსაც საოცარი გამოხმაურება მოჰყვა. მოგეხსენებათ, ქართველებისა არ იყოს, აფხაზები თითქმის ყველა ქალაქში ცხოვრობენ - ამითაც ვგავართ ერთმანეთს. ისინი ტიროდნენ, ამ სპექტაკლს რომ უყურებდნენ. ღმერთმა აცხონოს სერგო ბაღაფში, აფხაზეთის ყოფილი დე ფაქტო პრეზიდენტი - ჩემი მეგობარი - საოცრად კარგი ბიჭი იყო და ისევ იმ ბიჭად რჩება ჩემს მეხსიერებაში. ბაღაფშმა დააყენა საკითხი, ჩამოიტანეთ ეს სპექტაკლი სოხუმშიო, მაგრამ არ მოინდომეს, სამაგიეროდ, მე გამაგდეს სოხუმის თეატრიდან. ახლა კი ამ ­ხალხს რევანშის აღება სურს! ძველი მთავრობა თუ დაბრუნდება, მარტო აფხაზეთს კი არა, მთელ საქართველოს დავკარგავთ. უკვირთ, დაკითხვებზე რატომ გვიბარებენო... ცხრა წლის განმავლობაში ხალხის გაუპატიურებით იყვნენ დაკავებული და ახლა დაკითხვაზე მისვლაც არ უნდათ? იცით, რატომ არიან ასე გაცოფებულები? - ზურაბ ჟვანიას საქმე თითქმის გახსნილია და იმიტომ. პრემიერ-მინისტრს ასე თვალსა და ხელს შუა რომ მოგიკლავენ, ეს არის მთელი ერის ტრაგედია, ძველმა მთავრობამ მრავალი ასეთი ტრაგედია მოგვახვია თავს ქართველებს!

- ბატონო დიმა, შობა-ახალი წლის დღეებია, ძველით ახალი წელი კარს მოგვადგა და ხომ არ აჯობებს, უფრო ოპტიმისტურად დავასრულოთ ინტერვიუ?
- დარწმუნებული ვარ, რომ 2013 წელი ჩვენთვის გარდატეხის წელი იქნება, რომ "ქართული ოცნება" ყველაფერს გააკეთებს ქართველებისა და აფხაზების შესარიგებლად. იმედი მაქვს, ჩვენი მომავალი თაობები კვლავ შეხვდებიან ერთმანეთს ილორის უძველეს ეკლესიაში, სადაც აფხაზები და ქართველები ყოველთვის ერთად ლოცულობდნენ. შეიძლება ამას წლები დასჭირდეს, მაგრამ მაინც! ორივე მხარემ უზარმაზარი შეცდომა დაუშვა, უნდა გვეყოს ვაჟკაცობა, ერთმანეთისაკენ ნაბიჯი გადავდგათ და ბოდიშიც მოვუხადოთ, რადგან საქართველო აფხაზეთის გარეშე ვერ წარმომიდგენია! ახლა ვხვდები, რომ მეც ბევრი რამ არ დამითმია და ამ გადასახედიდან ბევრ რამეს შევცვლიდი. ძალიან მენატრება აფხაზური სიმღერა, აფხაზური ლაპარაკი და ძალიან მიხარია, როცა ჩემი აფხაზი მეგობრები მეუბნებიან - სოხუმის ყველა რესტორანში ქართული სიმღერა ისმისო.

ესაუბრა ხათუნა ჩიგოგიძე

No comments:

Post a Comment

შეხვედრა ვლადიკავკაზის ქართულ სკოლაში (2010წლის მაისი)






2010 წლის მეგობრობის შეხვედრები