Jan 11, 2013

ინტერნეტმომხმარებლები პატრიარქს 20 იანვარს მოსკოვში ვიზიტის გადადებას სთხოვენ



„ფეისბუქის“ ერთ-ერთ გვერდზე „საქართველოს პოლიტიკა“ გავრცელდა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქისადმი გასაგზავნი ღია წერილის ვერსია, რომელიც დახვეწის შემდეგ საქართველოს ეკლესიის მეთაურს გადაეგზავნება.
წერილში უცხოეთში მცხოვრები „ფეისბუქის“ ქართველი მომხმარებლები შეშფოთებას გამოთქვამენ საზოგადოების ორად გახლეჩის შესამჩნევი ტენდენციების გამო, ასევე აპროტესტებენ სასულიერო პირების აშკარად ჩარევას პოლიტიკურ პროცესებში და პატრიარქს 20 იანვარს მოსკოვში დაგეგმილი ვიზიტის გადადებას სთხოვენ:
„თქვენო უწმინდესობავ, უცხოეთში მცხოვრები ქართველები უკიდურესად შეშფოთებული ვართ, საქართველოში შექმნილი ვითარების გამო, ამიტომ გადავწყვიტეთ მოგმართოთ თქვენ, როგორც ერის სულიერ მამას, შევეცდებით ნათლად ჩამოვაყალიბოთ ჩვენი შეშფოთების მიზეზები:
1)იკვეთება საზოგადოების გახლეჩა, დაპირისპირება პოლიტიკურ ნიადაგზე, რამაც შეიძლება ქვეყანა მიიყვანოს სამოქალაქო ომამდე.

2) შექმნილ ვითარებაში უკიდურესად შემაშფთებელი და აღმაშფოთებელია ზოგიერთი სასულიერო პირის(და ასეთები არც თუ ცოტანი არიან) პოლიტიზირება და ნაცვლად იმისა, რომ ხელი შეუწყონ მშვიდობის აღდგენას, პირიქით აღრმავებენ დაპირისპირებას მოქალაქეთა შორის, იწყევლებიან და შეჩვენებას უთვლიან მათთვის არასასურველად მოაზროვნე ადამიანებს, ჩნდებიან სხვადასხვა პოლიტიკურ აქციებზე(მაგ. პრეზიდენტის გადადგომის მოთხოვნით გამართულ აქციაზე) ნეიტრალურად განწყობილი ადამიანები ხედავენ რა მათ ამა თუ იმ ღონისძიებაზე შედიან შეცდომაში, ამ სასულიერო პირთა ქმედება ლახავს ეკლესიის ავტორიტეტს და სრულიად არ შეესაბამება ქრისტიანული მართლმადიდებლობის პრინციპებს.

3)გვაშფოთებს საზოგადოების საკმაოდ დიდი ნაწილის კერპთაყვანისმცემლური მიდრეკილებები, კერძოდ, ბ-ნი პრემიერმინისტრის ლამის გაღმერთება: „ბიძინა ღმერთმა გადმოგვიგდო“, „შენ მეორე ქრისტე ხარ“, „ბიძინა ღვთის საჩუქარია“, და ა. შ. ამავე დროს გაუგებარია რას ეთაყვანებიან ეს ადამიანები, ადამიანს პიროვნული თვისებებიდან გამომდინარე თუ მის ფულს, თუმცა კერპთაყვანისმცემლობა ნებისმიერ შემთხვევაში მიუღებელია ჩვენი სარწმუნოებისათვის.

4)იმედგაცრუებულნი ვართ, რომ ბ-ნი პრემიერის ამდენწლიანი ქველმოქმედება გამოყენებულ იქნა მის ხელისუფლებაში მოსასვლელად, სამწუხაროდ ამ ქველმოქმედების დიდი ნაწილი მიმართული იყო ეკლესიისადმი, რაც გვაფიქრებინებს, რომ ზემოთხსენებულ ზოგიერთ სასულიერო პირთა მიკერძოებულობა სწორედ ამით არის განპირობებული.

უწმინდესო და უნეტარესო!

ვიმედოვნებთ, რომ გაიზიარებთ ჩვენს შეშფოთებას და როგორც ყოველთვის მიიღებთ ბრძნულ გადაწყვეტილებას და არავის მისცემთ უფლებას შელახოს ჩვენი დედაეკლესიის ავტორიტეტი და არ დაუშვებთ ერის ორად გახლეჩას.როგორც მოგეხსენებათ 20 იანვრისთვის იგეგმება აქცია პრეზიდენტის გადადგომის მოთხოვნით, რაც ემთხვევა თქვენს ვიზიტს მოსკოვში, ჩვენი მოკრძალებული თხოვნა იქნება, რომ იქნებ დროებით გადადოთ ეს ვიზიტი და დარჩეთ სამშობლოში ამ მეტად დაძაბულ ჟამს.

19:32 10.01.2013

No comments:

Post a Comment

შეხვედრა ვლადიკავკაზის ქართულ სკოლაში (2010წლის მაისი)






2010 წლის მეგობრობის შეხვედრები