საქართველო, 15 მარტი, საქინფორმი. აშშ-ში ვიზიტით მყოფმა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილმა კარნეგის ცენტრში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ ახალი მთავრობა შექმნის სამართლიან კონკურენციას და მთავრობის შემდგომი ცვლილებები აღარ იქნება მოულოდნელობა დასავლეთისთვის. „ჩვენ შეგვიძლია, ჩამოვაყალიბოთ სამართლიანი კონკურენციის სტანდარტები, რის შემდეგაც ხელისუფლების ნებისმიერი ცვლილება აღარ იქნება სიურპრიზი დემოკრატიული ქვეყნებისთვის. რა თქმა უნდა, ასეთი განცხადებები კარგია, მაგრამ ამავდროულად, სირცხვილიც – როცა ოპოზიციის დამარცხებული ლიდერი ცნობს მარცხს, ეს 21-ე საუკუნეში ნორმალური მოვლენაა. ჩვენც დავმარცხდებით ოდესმე, თუმცა, რაც უფრო გვიან, მით უკეთესია. ამისთვის მზად უნდა ვიყოთ. წინ რთული სამუშაო გველოდება. ჩვენ არ ვიქნებით სააკაშვილის იერარქიული სტრუქტურის მსგავსად – ალბათ, ვერ მივიღებთ ახალი ქალაქის მშენებლობის გადაწყვეტილებებს 5 წუთში, მეტი დრო დაგვჭირდება. დღეს გვაქვს შეგრძნება, რომ მეგობრებს შორის ვართ.„საქართველოს აქვს ნატოსა და ევროკავშირში გაწევრების სურვილი. გვსურს, გავხდეთ საერთაშორისო პროცესების მონაწილე ავღანეთსა და მსოფლიოს სხვადასხვა ადგილებში, იქ, სადაც უსაფრთხოების საკითხი წყდება. ამავდროულად, ხაზგასმით ვაცხადებთ, რომ არ შეგვიძლია, ვიყოთ რაიმე გაერთიანებაში იმ ქვეყანასთან, რომელსაც ჩვენი ტერიტორიები აქვს ოკუპირებული და ცნობს მათ დამოუკიდებლობას. ეს ქართველი ხალხის მტკიცე გადაწყვეტილებაა. პარლამენტის უმრავლესობა და უმცირესობა თანხმდება, რომ ჩვენ ამ ხაზს ვერ გადავაბიჯებთ. ახალი მთავრობის ინიციატივაა, გამოვნახოთ ის დარჩენილი გზები, რომელიც აუცილებელია რუსეთთან ურთიერთობის ნორმალიზებისთვის, ვგულისხმობ ვაჭრობას, კულტურას, სპორტს. განვაცხადეთ, რომ საქართველო მიიღებს სოჭის ოლიმპიადაში მონაწილეობას. ჩვენი სპორტსმენებისთვის ძალიან რთული იქნება აფხაზეთის საზღვრიდან 10 კილომეტრში ყოფნა, მაგრამ ეს უნდა გავაკეთოთ. არ უნდა დავხუროთ კარი მეზობლებთან, მიუხედავად იმისა, თუ რას ვფიქრობთ მასზე. მადლობელი ვართ შეერთებული შტატების ყველაზე მძიმე პერიოდში დახმარებისთვის, მათ შორის, 2008 წლის აგვისტოს ომის დროს. გვახსოვს გემი, რომელიც მაშინ შავ ზღვაში შემოვიდა. ჩვენ ვრჩებით სანდო პარტნიორად“, – აღნიშნა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ.
„ეს მიმართულებები საარჩევნო კამპანიის დროსაც არაერთხელ გაისმა და მათ დასავლეთის საზოგადოება გულმხურვალედ მიესალმება. მიხარია, რომ პროცესები თანმიმდევრულად გრძელდება და ვითარდება. პირადად ჩემთვის ეს არ არის ახალი ამბავი“,– აღნიშნა ცნობილმა დიპლომატმა, ამერიკის ყოფილმა ელჩმა საქართველოში რიჩარდ მაილსმა.


No comments:
Post a Comment