Dec 27, 2012

ილია მეორე - გველოდება ჩვენი საუნჯე თურქეთის ტერიტორიაზე

ახლა გველოდება ჩვენი საუნჯე თურქეთის ტერიტორიაზე, ჩვენი უძველესი და უმშვენიერესი ტაძრები, - ამის შესახებ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ დღეს კულტურული მემკვიდრეობის ეროვნული სააგენტოს მიერ რვა წლის განმავლობაში განხორციელებული ტაძრების რესტავრაციასთან დაკავშირებით გამართულ პრეზენტაციაზე განაცხადა.

უწმინდესმა მადლობა გადაუხადა სააგენტოს ხელმძღვანელ ნიკოლოზ ვაჩეიშვილს და ყველა იმ პირს, ვინც მონაწილეობს ტაძრების რესტავრაციაში.

"ჩვენ ვერც წარმოგვიდგენია, რამდენად მდიდრები ვართ, რამდენად მდიდარია საქართველო. ბიბლიაში წერია - სადაც იქნება საუნჯე შენი, იქ იქნება გული შენი. ჩვენი წინაპრების აშენებული ტაძრები გველოდება ჩვენ, ახლა გველოდება ჩვენი საუნჯე თურქეთის ტერიტორიაზე, ჩვენი უძველესი და უმშვენიერესი ტაძრები", - ბრძანა უწმინდესმა.

პატრიარქმა ასევე ბრძანა, რომ საჭიროა ჩატარდეს შეხვედრები არქეოლოგიის საკითხებზე. უწმინდესმა აღნიშნა, რომ არის შემთხვევები, როდესაც მორწმუნეები თვითნებურად აკეთებენ ტაძრების რესტავრაციას, რითაც ისინი ზიანდება. პატრიარქმა ბრძანა, რომ ყურადღება უნდა მიექცეს არქეოლოგიას, ახალი კადრების აღზრდას. უწმინდესმა ასევე დალოცა კულტურის მინისტრი და აღნიშნა, რომ მისი მეშვეობით ბევრი რამ გაკეთდება საქართველოში.

ნიკა ვაჩეიშვილის განცხადებით კი, მათ მიერ განხორციელებული ღონისძიებებით ეროვნული მნიშვნელობის ძეგლებთან დაკავშირებული პრობლემა მოხსნილია. თუმცა იგი მიიჩნევს, რომ თითოეული ძეგლის მიმართ სახელმწიფოს ზრუნვა ყოველდღიურად უნდა გაგრძელდეს.

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ 2004-2012 წლებში განხორციელებული ტაძრების რესტავრაციასთან დაკავშირებით პრეზენტაცია გამართა. პრეზენტაციაზე წარმოდგენილი იყო 600-მდე ეკლესიის რესტავრაციის ამსახველი ფოტოები. ღონისძიებას სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარეს ილია მეორე, მეუფეები, კულტურის მინისტრის მოადგილე მარინე მიზანდარი და სხვა პირები დაესწრნენ.

"ინტერპრესნიუსი"

No comments:

Post a Comment

შეხვედრა ვლადიკავკაზის ქართულ სკოლაში (2010წლის მაისი)






2010 წლის მეგობრობის შეხვედრები