11:00 28-12-2012
2012 წლის საშინაო და საგარეო პოლიტიკის შედეგებსა და 2013 წლის
პერსპექტივებზე "ინტერპრესნიუსი" ფილოსოფოს ზაზა ფირალიშვილს ესაუბრა. - ბატონო ზაზა, როგორ შეფასებდით 2012 წელს საშინაო პოლიტიკაში განვითარებულ პროცესებს და რას მიიჩნევდით 2012 წელს ყველაზე მნიშვნელოვან მოვლენად?
- ძნელია რამე ახლის თქმა. ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენა, ცხადია, ხელისუფლების არჩვენების გზით შეცვლაა. თუმცა აშკარაა, ამით პოლიტიკური დაძაბულობა არ განმუხტულა. ჩვენ ისე შევეჩვიეთ რევოლუციურ რეჟმშს, თუ შეიძლება ითქვას, პერმანენტული სამოქალაქო ომის რეჟიმში ცხოვრებას განვლილი 20-25 წლის განმავლობაში, რომ გვიჭირს ამ ინერციის დაძლევა. ვცდილობთ, საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვება სახელმწიფოებრივი ცხოვრების ყველა სფეროზე განვავრცოთ და ყოფილი ხელისუფლება და მათი მხარდამჭერები მთლიანად გავდევნოთ ჩვენი პოლიტიკური სივრციდან.
შესაძლოა, სამართლიანობა სწორედ ამას გვკარნახობდეს, მაგრამ როდესაც სამართალი სახალხო სამართლად იქცევა, ამან სწორედ სამოქალაქო ომის რეჟიმში შეიძლება ჩაგვტოვოს. რას ნიშნავს სამოქალაქო ომი? ეს არის მდგომარეობა, როდესაც ადამიანები კეთილისა და ბოროტის საბოლოო შეჯახების მითიურ კატეგორიებში იწყებენ აზროვნებას. რეალური სახელმწიფოებრივი ცხოვრება კი უმცირესი ბოროტების პრინციპით ვითარდება და არა - მაქსიმალური სიკეთისა.
ყბადაღებული კოჰაბიტაცია ჩვენს პოლიტიკურ ცნობიერებაში სწორედ უმცირესი ბოროტების პრინციპის დაშვებას გულისხმობს. ჯერ კიდევ გვაკლია ისტორიული გამოცდილება. გამოცდილ საზოგადოებებში უკვე კარგად ესმით, რომ აქ და ახლა აბსოლუტური სიკეთის მოთხოვნაში რაღაც საეჭვო იმალება, ზოგჯერ - დიდი ბოროტებაც.
განვლილი წლები ჩვენ ჰიპერტროფირებული პიარის მდგომარეობაში გავატარეთ. ცხრა წლის განმავლობაში ჩვენი ცხოვრება, უმალ ვიღაცის ინფანტილური ოცნებებისა და სურვილების აღსრულება იყო, ვიდრე - ჩვენი საკუთარი არსებობა. თითქოს ეკრანზე ვიღაცის თავქარიან სიზმრებს ვუცქერდით, რომელთაც რეალურ ცხოვრებაში ძალადობითა და სიცრუით თუ გადმოიტანდნენ. ეს დამთავრდა, მაგრამ ის დაძაბულობა, რომელიც დღევანდელ პოლიტიკურ ცხოვრებას განსაზღვრავს, თუ ასეთად დარჩა, სახელმწიფოებრივი განვითარების პროცესი დაზარალდება.
იქ, სადაც რადიკალური დაძაბულობა და ექსტრემისტული განწყობებია, საღი აზრი დუმს. მოკლედ, ხელისუფლება მშვიდობიანად შეიცვალა, მაგრამ ახლა სხვა რამ გვაქვს დასაძლევი - ჩვენი ძველთაძველი მტერი - ექსტრემიზმი და ისტორიის ფართო მონასმებით კეთების სურვილი.
დღეს "ქართული ოცნება" საკმაოდ რთულ მდგომარეობაშია. ერთის მხრივ, მან უნდა შეაკავოს თავისი მომხრეების რევოლუციური ვნებათაღელვა, მეორე მხრივ, სახალხო მხარდაჭერა არ უნდა დაკარგოს. ფრთხილი დამოკიდებულება დაპატიმრებების მიმართ ამ მხრივ საკმაოდ კარგი სიმპტომია. სამართლის აღსრულება არ შეიძლება მასობრივი განწყობილებების ტყვეობაში აღმჩნდეს. ჩანს, კოალიციის მესვეურებს ესმით, რომ ამ საქმეში ზედმეტმა ენთუზიაზმმა ისეთი პროცესები შეიძლება გამოიწვიოს, რომელიც ყველას გვაზარალებს.
- პრეზიდენტისა და პრემიერ-მინისტრის განცხადებები კარგი დასტურია იმისა, რომ ახალსა და ძველ ხელისუფლებას შორის კოაბიტაცია არ შედგა. ივანიშვილის შეფასებით, "ოპონენტებმა კონსტრუქციულ რეჟიმში მუშაობა ვერ მოახერხეს". ძველი ხელისუფლება ახალს კი პოლიტიკურ დევნაში ადანაშაულებს, თქვენი აზრით, რატომ ვერ მოხერხდა კოჰაბიტაცია და რეალურად რასთან გვაქვს საქმე?
- თავისთავად კოჰაბიტაცია ურთულესი ამოცანაა ჩვენისთანა ემოციური ხალხისათვის, მითუმეტეს, თუ ყოფილ ხელისუფლებას ამდენ რამეში ედება ბრალი. მეორე მხრივ, ყოფილი ხელისუფლების ბევრი წარმომადგენლისათვის თანამშრომლობა, სულ მცირე, პოლიტიკურ აღსასრულს ნიშნავს. ამას ემატება ისიც, რომ "ნაცმოძრაობის" ლიდერი ჩამოყალიბდა ადამიანად, ვისაც საკუთარი თავი ვერ წარმოუდგენია სრული ძალაუფლების ფლობის გარეშე და ვისთვისაც მისი პერსონის ირგვლივ ატეხილი სატელევიზიო აჟიოტაჟი სასიცოცხლოდ არის აუცილებელი. იგი უკვე კარა გახანია, ვეღარ არსებობს სატელევიზიო ობიექტივისა და საკუთარი თავის გლობალური პოლიტიკის კონტექსტში განხილვის გარეშე. მართალია, რაღაც მომენტში იძულებული გახდა, დასავლეთის დაწოლას დაჰყოლოდა, დაემტკიცებინა, რომ დემოკრატიის სკოლის ფრიადოსანი მოწაფე იყო და დათმო არჩევნები. მაგრამ, მალევე აღმოაჩინა, რომ საყვარელი სათამაშო წაართვეს და მისი რეაქცია დღეს ჟინიანი და განებივრებული ბავშვის რეაქციას ჰგავს. ყველაფერს აკეთებს საიმისოდ, რომ კვლავ სატელევიზიო ობიექტივის ფოკუსში იყოს მოქცეული.
სააკაშვილი დღეს ე.წ. მსოფლიო ლიბერალური რევოლუციის ნეჩაევია და, ამ თავისი რუსი წინამორბედის მსგავსად, მზად არის, რევოლუციის იდეასა და საკუთარ პატივმოყვარეობას ადამიანები შესწიროს. 2008 წელი, აღლუმის გამართვა იქ, სადაც სულ რამდენიმე საათის წინ ადამიანები დახოცეს, ლოპოტის ხეობის ისტორია, დაბოლოს, ავღანეთში ქართველ ჯარისკაცებთან ვიზიტის წინასწარი გამოცხადება, რითაც საფრთხის წინაშე დააყენა ეს სამხედროები, ამას მოწმობს.
- თუ პრეზიდენტ სააკაშვილის რიტორიკით ვიმსჯელებთ, ფაქტია, რომ მან უარი თქვა იმ პოზიციაზე, რომელშიც ყველაზე მეტად მომგებიანად გამოიყურება დასავლეთის თვალში. რჩება შთაბეჭდილება, რომ იგი თავისი მოქმედებით "ნაცმოძრაობის" გუნდს რეიტინგს უგდებს და უშლის თეორიულ შესაძლებლობას ეს გუნდი პოლიტიკაში ანგარიშგასაწევ ძალად დარჩეს. რამდენად მართებულია ამგვარი მტკიცებები? და ის, რომ თითქოს სააკაშვილს სხვა გზა არ დარჩა თუ არა ვითარების გამწვავება და ახალ ხელისუფლებასთან ღია კონფრონტაციაზე წასვლა?
- დასავლური მედიიდან საარტელერიო მომზადების შემდეგ, როგორც ჩანს, სააკაშვილმა მიიჩნია, რომ საშინაო სივრცეზეც შეუძლია შეტევაზე გადასვლა. მაგრამ რა ხერხსაც არ უნდა მიმართოს მან, დარწმუნებული ვარ, ამაო იქნება. მართალი ბრძანდებით: დღეს სააკაშვილს მხოლოდ საკუთარი პარტიის რეიტინგის დაგდება და პოლიტიკური პროცესების პარალიზება შეუძლია. ივანიშვილის მდგომარეობის სიმყარის გასაღები ამ ეტაპზე სააკაშვილის ჰიპერაქტიურობაცაა. ამ უკანასკნელის პოლიტიკიდან წასვლა შეიძლება აღმოჩნდეს გამოცდა არა მხოლოდ "ნაც მოძრაობისათვის," არამედ "ოცნებისთვისაც," რადგან რიგითი ადამიანი "ნაციონალების" რეანიმირების საფრთხეს ვეღარ იგრძნობს და თავად "ოცნებას" მოაქცევს გამადიდებელი ლუპის ქვეშ.
დღეს "ნაციონალური მოძრაობა", როგორც პოლიტიკური ძალა, მისი ლიდერის პიროვნულ მესიანიზმსა და რამდენიმე ადამიანის პასუხისგების შიშს ეწირება. მას ჯერ კიდევ აქვს სერიოზული რესურსები, მაგრამ მათი მობილიზება და გამართული პოლიტიკური მანქანის შექმნა ძველ ლიდერებს აღარ ძალუძთ. ისინი საკმარისზე მეტად გაცვდნენ საზოგადოების თვალში და მეტსაც ვიტყოდი, დღეს მათი ქცევა, საშინაო პოლიტიკური ბაზრისათვის მაინც, არაადეკვატურია.
არაბუნებრივად მაღალი ნდობით უნდა სარგებლობდე, არჩევნებიდან სულ ორიოდე თვეში გაბედო მტკიცება, რომ ქვეყანა ეკონომიკური კრახის წინაშეა, ადამიანები შიმშილობენ, აღარაფერს ვამბობ "არნახული მასშტაბების დაპატიმრებებზე" და სხვანი. ვფიქრობ და ეს ჩანს კიდეც, რომ სააკაშვილის (და კიდევ რამდენიმე ადამიანის) გონებაში მომწიფდა სწარფი რევანშის ფანტასტიკური პროექტი და მისი ჰიპერაქტიურობა სწორედ ამას მოწმობს. რაც შეეხება საგარეო პოლიტიკურ ბაზარს, სააკაშვილის განცხადებები არც ისე უსაზრისოა, როგორც თავიდან შეიძლება მოგვეჩვენოს. დასავლელისათვის იგი შეიძლება იქცეს საქართველოში არსებული სიტუაციის აღწერად. თუ "ოცნების" საინფორმაციო პოლიტიკა კვლავ ასეთი სუსტი დარჩა და საგარეო ასპარეზზე სააკაშვილი შეინარჩუნებს საინფორმაციო ინიციატივას, ეს შეიძლება დასავლეთის მხრიდან მომავალი სხვადასხვა დონის არჩევნების შედეგების შეფასებაზეც აისახოს. მაგრამ, არა მგონია, საქმე აქამდე მივიდეს. რა ხერხებსაც არ უნდა მიმართოს სააკაშვილმა, იგი განწირულია. "ოცნების" მთავარი რესურსი სახალხო მხარდაჭერაა, უბრალო ადამიანის სურვილია, თავი დააღწიოს სატელევიზიო-ვირტუალურ ბედნიერებას, მის ყოველდღიურ გაბითურებას, მმართველთა თავაშვებულ ჰედონიზმს და ასე შემდეგ. ამიტომაც, სააკაშვილსა და მის გარემოცვას მალე სხვა გზა აღარ დარჩებათ, თუ არა მტკიცება, რომ ისტორიამ მათ უვარგისი ადამიანური მასალა არგუნა.
ჯერჯერობით კი, სააკაშვილის აქტიურობას მრავალი ცუდი მხარე აქვს. გარდა თავად "ნაცმოძრაობის" ჩაძირვისა, იგი ქვეყანაში პოლიტიკური აზრის პარალიზებასაც ახდენს. მისი შემხედვარე საზოგადოებრივი აზრი გახევებულია და თვალის ჩინივით უფრთხილდება "ოცნებას". მან აბსოლუტური სიმართლეც რომ ილაპარაკოს "ქართული ოცნების" შეცდომებზე თუ გადახვევებზე, ყველაფერი ეს ამაოდ დარჩება, უფრო მეტიც, მისი პირიდან წარმოთქმული ყველა არგუმენტი მყისიერად უფასურდება, თუ რამდენიმე ასეულ მის თავგამოდებულ მომხრეს არ მივიღებთ მხედველობაში.
საკმაოდ გონიერი და რეალისტი ადამიანებიც იძულებული არიან, ჩუმად იყვნენ და თავისი განცხადებებითა და მოქმედებით ხელი არ შეუწყონ "ნაციონალებისა" და მათი ბელადის რეანიმირებას. ეს არ არის ნორმალური სიტუაცია. მოკლედ, თუ ვიტყვით, არჩევნების დამთავრებისთანავე გაჩნდა ერთგვარი არაფორმალური მორატორიუმი "ქართული ოცნების" კრიტიკაზე და მის დარღვევას, პირველ რიგში, "ნაცმოძრაობის" ძალაუფლებისა და დიდების წყურვილით შეპყრობილი ლიდერი უშლის ხელს. სააკაშვილის ჰიპერაქტიურობას დღეს საქმე იქით მიჰყავს, რომ სულ მალე "ოცნება" უალტერნატივო ძალის მდგომარეობაში შეიძლება აღმოჩნდეს, ხოლო "ნაცმოძრაობა", ნებსით თუ უნებლიედ, "დანიშნული ოპოზიციის" როლს მოერგოს. ამას, ალბათ, თავად "ნაციონალებიც" გრძნობენ. ამიტომაც გაისმის, თუმცა, ჯერ სუსტი ხმები პარტიის თვითგანწმენდისა და შეცდომების აღიარების აუცილებლობის შესახებ. ძველი "ნაცმოძრაობა" თავისი ქცევისა და აზროვნების წესით, ვფიქრობ, ყველა შემთხვევაში მარგინალიზაციისათვის არის განწირული.
- სავარაუდოდ, 2013 წელს რა სცენარით განვითარდება პროცესები საშინაო პოლიტიკაში და რით დასრულდება საინფორმაციო სივრცეში უმრავლესობა-უმცირესობას შორის არსებული ღია დაპირისპირება?
- მე წეღან "ნაცმოძრაობის" რესურსები ვახსენე. უნდა ვაღიაროთ, რომ "ნაცმოძრაობას" დიდი გამოცდილება აქვს თავისი მომხრეების თვითორგანიზების ფორმების შემუშავების საქმეში. იგი დღემდე იდეოლოგიურად და პოლიტიკურად აკონტროლებს არასამთავრობო ორგანიზაციათა მნიშვნელოვან ნაწილს და ეს მისთვის ძალზე მნიშვნელოვანი რესურსია, თუნდაც უცხოეთთან ურთიერთობის თვალსაზრისით. იგი ხელიდან არ უშვებს უცხოურ ინტელექტუალურ წრეებთან ურთიერთობის სადავეებს და ამით "ოცნებას" საშუალებას არ აძლევს, რომ დასავლურ პოლიტიკურ და ანალიტიკურ წრეებში გაგება და საყრდენები მოიპოვოს.
არასამთავრობოთა მეშვეობით "ნაცმოძრაობა", თუ შეიძლება ითქვას, გარკვეულ ინტელექტუალურ ინიციატივას ინარჩუნებს ქვეყნის შიგნითაც. მათ უარი არ უთქვამთ ამ არასამთავროებზე და აზრად არ მოსვლიათ, არჩევნებში დამარცხების შემდეგ ისინი პოლიტიკური კორპორაციის არარენტაბელურ წარმონაქმნებად განეხილათ, რომლებსაც მაშინ შექმნი, როცა დაგჭირდება. მოკლედ, რამდენიმე ათეული კონტროლირებადი არასამთავრობო ორგანიზაცია იყო და რჩება "ნაცმოძრაობის" ინტელექტუალურ, პროპაგანდისტულ, საინფორმაციო და, რაც მთავარია, მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში, საკადრო რესურსად. ამის საპირწონედ "ოცნებას" სახალხო მხრდაჭერა აქვს, თუმცა კი, როგორც ვთქვი, არაორგანიზებული და არასტრუქტურირებული.
"ნაციონალებისათვის" ეს ის კაპიტალია, რომლის გამოყენებაც მხოლოდ ფასადური ფიგურების შეცვლით გახდება შესაძლებელი. კოსმეტიკური ცვლილებები ამას ვერ უშველის. არ არის გამორიცხული, რამდენიმე ხანში გამოიკვეთოს ლიდერთა ახალი ჯგუფი, რომელიც 2003 წლის იდეალების აღდგენის იდეით და დაშვებული შეცდომების გამო კრიტიკის ფონზე ჩაანაცვლებენ ძველებს. გავიხსენოთ ის კრიტიკა, რომელიც მომხრეების მხრიდან "ნაცმოძრაობის" ლიდერების მიმართ გაჩნდა ბოლო ხანებში. მათი მთავარი ლაიტმოტივია: კარგი გინდოდათ, მაგრამ ჩქარობდით, საკუთარ ხალხთან დაკარგეთ კონტაქტი და ასე შემდეგ. რამდენად გაღრმავდება ეს პროცესი, ვერ ვიტყვი. დღევანდელი მდგომარეობით კი, როგორც ვთქვი, "ნაცმოძრაობა" "დანიშნული ოპოზიციის" როლისკენ მიიმართება.
დღესდღეობით "ნაცმოძრაობის" ირგვლივ დაჯგუფებულმა ადამიანებმა კარგად იციან, რა უნდათ. ისინი ერთ ენაზე მეტყველებენ და საერთო მიზნები აქვთ, იოლად უგებენ ერთმანეთს და იოლად შეიმუშავებენ საერთო სტრატეგიას. რაც ძალზე მნიშვნელოვანია, მათ უკვე საკმაოდ კარგად ისწავლეს ის ენა, რომელზედაც დასავლელ დამკვირვებლებს უნდა უთარგმნონ აქ მიმდინარე პროცესები. ისინი სახელმწიფოებრიობის სრულიად კონკრეტულ იდეას ატარებენ, რომელსაც პირობითად, ლიბერალური უტოპია შეიძლება ვუწოდოთ - მხედველობაში არ მაქვს მხოლოდ საპროგრამო დოკუმენტი.
უტოპია კი იმის უტოპიაა, რომ არც აინტერესებს ის ნიადაგი, რომელზე დამკვიდრებასაც ცდილობს. და რამდენადაც დიდ წინააღმდეგობას უწევს ნიადაგი, იმდენად ძალადობრივი ხდება მეთოდები და მისი განმახორციელებელი იმდენადვე იქცევა ყველა დანარჩენის წინააღმდეგ შეთქმულად. მათ აერთიანებთ, ჩემი აზრით, სრულიად უგვანო დამოკიდებულებაც უბრალო ქართველისადმი, როგორც ისტორიის მასალისადმი, ქართული სულიერებისადმი, როგორც უვარგისი ისტორიული ნაშთისადმი. არსებითად, ეს არის კარგად ორგანიზებული, მკაცრ დისციპლინას დაქვემდებარებული და მთელი დანარჩენი ქართული სამყაროს წინააღმდეგ შეთქმული პოლიტიკური სექტა, რომელიც საკუთარ საზოგადოებასაც და დასავლელებსაც მხოლოდ პიარის ობიექტებად განიხილავს. ყველაფერმა ამან გადაფარა ყველა ის წარმატება, რომელსაც მათ ქვეყნის მოდერნიზაციის გზაზე მიაღწიეს.
დასავლეთს უნდა გავაგებინოთ, რომ ის, რაც საქართველოში ხდებოდა, სხვა არაფერი იყო, თუ არა ლიბერალური იდეის დისკრეტიდაცია - ლიბერალური უტოპიის ბატონობა, რაც იგივეა, ლიბერალიზმი დემოკრატიის გარეშე. უნდა გავახსენოთ, რომ ქვეყნის სინგაპურიზაცია რეალურად უბედურებაა ნებისმიერი ხალხისათვის. ბოლო გამოკითხვებით 150 ქვეყანას შორის ბედნიერების განცდის ყველაზე დაბალი მაჩვენებელი ხომ სწორედ სინგაპურშია.
ჯერჯერობით "ოცნება" ამ უტოპიას მხოლოდ ქართული სახელმწიფოებრიობის გარკვეულობას მოკლებულ იდეას უპირისპირებს. არ ჩანს ქართული სახელმწიფოებრიობის კონცეფცია, ქართული სახელმწიფოებრიობის პროექტი. საპროგრამო დოკუმენტი ამ უკანასკნელს ვერ შეცვლის. არადა, "ქართული ოცნების" ირგვლივ ადამიანები სწორედ სახელმწიფოებრივმა იდეამ უნდა გააერთიანოს და არა - მხოლოდ წინა ხელისუფლების სიძულვილმა და საპროგრამო დაპირებებმა. არ ვგულისხმობ ალიანსის საპროგრამო დოკუმენტს. ვგულიხმობ ქართული სახელმწიფოებრიობის ალტერნატიულ იდეას, რომელიც "ნაციონალთა" ლიბერალურ უტოპიას დაუპირისპირდებოდა. ასეთად მე ახალი ქართული კონსერვატიზმის იდეა მეგულება თავისი მემარცხენე ტენდენციებით. არ უნდა ავურიოთ ნეოტრადიციონალიზმის რუსულ იდეაში, რომელიც, არსებითად, პათეტიკური ტრადიციონალიზმისა და ნეოიმპერიალიზმის ნაზავს წარმოადგენს.
ახალ ქართულ კონსერვატიზმს, ვთქვათ, ინგლისური კონსერვატიზმის მსგავსად, ძალუძს არა მხოლოდ ლიბერალური უტოპიის შეკავება, არამედ რუსეთის ნებსითი თუ უნებლიე მოკავშირის, მითოპოეტური ნაციონალიზმისა და პათეტიკური რელიგიურობის დაურვებაც. თანამედროვე კონსერვატიზმი სრულიადაც არ წარმოადგენს ლიბერალურ და დემოკრატიულ ღირებულებებთან დაპირისპირებულ ძალას. პირიქით, მისთვის ეს ღირებულებები შეიძლება იქცეს სწორედ რომ კულტურისა და სულიერების გადარჩენის, გლობალურ სამყაროში ხალხის ღირსეული განთავსების ინსტრუმენტებად.
ალტერნატიული ეროვნული იდეა ისეთი რამეა, რომლის შემუშავებაც შეიძლება არანაკლებ საშური იყოს, ვიდრე ეკონომიკური ან სამართლის აღდგენისაკენ მიმართული ღონისძიებები. ეს კონცეფცია სწორედ "ოცნების" წიაღში უნდა გამომუშავდეს. ნათელი უნდა გახდეს, თუ რას უპირისპირებს "ქართული ოცნება" "ნაციონალების" მიერ დეკლარირებულ ლიბერალურ უტოპიას.
- რამდენად დიდია იმის ალბათობა, რომ დასავლეთისა და აშშ-ის დამოკიდებულება პრემიერ-მინისტრ ივანიშვილისა და საქართველოს ახალი ხელისუფლებისადმი შეიცვლება? და კიდევ, თუ პრეზიდენტმა სააკაშვილმა კვლავაც გააგრძელა ახალ ხელისუფლებასთან მიმართებაში კონფრონტაციული რიტორიკა, როგორი იქნება ვაშინგტონისა და ბრიუსელის რეაქცია?
- თუ დასავლეთის გარკვეული წრეები სხვადასხვა მიზეზებით დაინტერესებული არიან ნაციონალური მოძრაობის არსებობით, მან თავადაც უნდა შეუწყოს ხელი ამ უკანასკნელის გათავისუფლებას ძველი სახეებისაგან და მის განახლებას. ძნელი წარმოსადგენია, იქ არ ესმოდეთ, თუ რა განწყობებია დღეს საქართველოში და რომ "ნაცმოძრაობის" დღევანდელი სახით დატოვება მის გარდუვალ მარგინალიზაციას ნიშნავს.
ცხადია, ეს არ იქნება იოლი პროცესი. გარდა ამისა, არსებობს რეალური პოლიტიკა და "ოცნებას" უარი არ უთქვამს დასავლეთის პროექტებში მონაწილეობაზე. უახლოეს ხანებში, ალბათ, განელდება ის დაძაბულობა, რომელიც სააკაშვილმა სწრაფი რევანშის იმედით "ოცნების" ირგვლივ შექმნა. საინფორმაციო შტურმი ჩამთავრდება და დასავლეთი აღმოაჩენს, თუ რამდენად სასურველი ყოფილა მისთვის ჩვენს სივრცეზე ნაკლებად ეპატაჟური და გაწონასწორებული ლიდერის გამოჩენა. მართალია, ეს უკანასკნელი თავს არასოდეს ჩაიყენებს ბეჯითი მოწაფის მდგომარეობაში, რაც ასე ხიბლავს ბევრ ევროპელსა და ამერიკელს, მაგრამ არის რაღაცეები, რასაც უნდა შეეგუონ.
- საქართველოსა და რუსეთის წარმომადენლების ოფიციალური ხელისუფლების წარმომადგენლების არაოფიციალური შეხვედრაზე კომენტარები გაკეთდა მოსკოვსა და თბილისში. პუტინმა ივანიშვილთან მის სავარაუდო შეხვედრაზე საუბრისას განაცხადა, რომ მან "არ იცის თუ როგორი შეიძლება იყოს ამ შეხვედრის დღის წესრიგი და "არ იცის, საერთოდ, რა შეიძლება გაკეთდეს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის საკითხებში". ასეთ ფონზე, რამდენად დიდია იმის ალბათობა, რომ ქართულ-რუსული ურთიერთობების გაუმჯობესების შემდეგ გაჩნდეს ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით რაიმე პერსპექტივა?
- ძნელი წარმოსადგენია, რომ რუსეთთან ურთიერთობების დალაგება იოლი პროცესი აღმოჩნდეს. რუსეთისათვის საქართველოზე გავლენას, გარდა რეალური გეოპოლიტიკური მნიშვნელობისა, სიმბოლური მნიშვნელობაც აქვს. ჯერჯერობით მხარეების ურთიერთობა მინიშნებებითა და მესიჯებით შემოიფარგლება. ბევრი რამე იმაზე იქნება დამოკიდებული, თუ რამდენად რეალისტური იქნება რუსეთის მოთხოვნები ჩვენს მიმართ. მათ კარგად იციან, თუ რა მნიშვნელობა აქვს ჩვენთვის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას და შეეცდებიან, რაც შეიძლება მეტი დაგვტყუონ. ცხადია, ჩვენს დათმობებსაც აქვს საზღვარი. ჩვენ ვერ ვუღალეტებთ ჩვენს ისტორიულ ინტერესებს.
კობა ბენდელიანი
"ინტერპრესნიუსი"
No comments:
Post a Comment