Nov 24, 2012

ბრძოლა თავისუფალი ადამიანისა და თავისუფალი ბიზნესის წინააღმდეგ





ქართულ-ოსური მისიის ხელძღვანელს
ბატონ რევაზ ამაშუკელს

ი ნ ფ ო რ მ ა ც ი ა


იურიდიული კომპანია „გოჯი კონსალტინგი“ 2007 წლიდან ახორციელებს გოჩა ძასოხოვისა და მისი ოჯახის წევრების იურიდიულ მომსახურებას.

გოჩა ძასოხოვი საქართველოს ჭეშმარიტი მოქალაქე, წარმატებული ბიზნესმენი, მეცენატი და სპორტის ცნობილი მოღვაწეა. მის სახელს უკავშირდება საქართველოში განხორციელებული არაერთი ბიზნეს პროექტი, რის შედეგად აღორძინდა აგარის შაქრის კომბინატი, გურჯაანში, ქობულეთსა და აგარაში აშენდა ვაშლის, ყურძნისა და მანდარინის კონცენტრატების ქარხნები. მან, როგორც საქართველოს ფიზკულტურულ–სპორტული საზოგადოება „დინამოს“ ცენტრალური საბჭოს თავმჯდომარემ, საქართველოს ოლიმპიური კომიტეტის წევრმა და ჭიდაობის საერთაშორისო ფედერაციის საპატიო პრეზიდენტმა, დიდი წვლილი შეიტანა ქართული სპორტის განვითარებაში. იგი წლების განმავლობაში სათავეში ედგა საქართველოს ჭიდაობის ეროვნულ ფედერაციას. მისი მოღვაწეობის პერიოდში საქართველოს მოჭიდავეთა ეროვნულმა ნაკრებმა მნიშვნელოვან წარმატებებს მიაღწია მსოფლიო და ევროპის ჩემპიონატებში. 2005 წელს ჭიდაობის საერთაშორისო ფედერაციამ (ფილა) გოჩა ძასოხოვი აირჩია სენატორთა კლუბის პრეზიდენტად. მის სახელთანაა დაკავშირებული ეროვნული სტადიონის რესტავრაცია, რის შედეგად შესაძლებელი გახდა საქართველოში მსოფლიო და ევროპის რანგის სპორტული თამაშების ჩატარება.
გოჩა ძასოხოვი დაჯილდოებულია ღირსებისა და ვახტანგ გორგასლის ორდენებით,  ფილას ოქროს მედლით. მინიჭებული აქვს სპორტის რაინდის საპატიო წოდება.
2007 წლიდან დაიწყო გოჩა ძასოხოვის მიმართ მიზანმიმართული უკანონო ქმედებები, რასაც შედეგად მოჰყვა საქართველოში მისი ბიზნესის ეტაპობრივად განადგურება, მოგვიანებით კი მის მიმართ უსაფუძვლო სისხლისსამართლებრივი დევნა. ამ პერიოდიდან ყოველგვარი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე ყადაღა დაედო და დაილუქა მის მიერ დაფუძნებული კომპანიები. დაშანტაჟების მიზნით ხელისუფლება არ მოერიდა მის მიერ დაფუძნებული შპს „ქართული შაქრის“ თანამშრომლების დაპატიმრებასაც. პარალელურად, ხელისუფლების უმაღლესი ეშელონების კაბინეტებში მასზე მიმდინარეობდა ზეწოლა ბიზნესის დათმობის მოთხოვნით, რაც  განხორციელდა კიდეც.
თანამშრომლების საპროცესო გარიგებით პატიმრობიდან გამოსყიდვისა და დანარჩენი ბიზნესის გადარჩენის მიზნით, იძულებული გახდა შპს ”ქართული შაქრის“ მთლიანი წილი დაეთმო ხელისუფლების მიერ მითითებული პირისათვის – იოსებ კაკიაშვილისათვის (იგივე ჯოზეფ ქეი), ხოლო 2008 წლის აგვისტოს მოვლენების შემდეგ განხორციელებული უპრეცედენტო ზეწოლის შედეგად იძულებული გახდა პეკინის ოლიმპიადიდან, სადაც იგი იმყოფებოდა როგორც საქართველოს ოლიმპიური კომიტეტის წევრი და საქართველოს ფიზკულტურულ–სპორტული საზოგადოება „დინამოს“ ცენტრალური საბჭოს თავმჯდომარე, აღარ დაბრუნებულიყო სამშობლოში. საქართველოში დაილუქა მის მიერ დაფუძნებული ყველა წარმოება–დაწესებულება. ფინანსურმა პოლიციამ და საგადასახადო სამსახურმა სხვადასხვა საბაბით შეამოწმა ის ორგანიზაციებიც, რომელსაც რაიმე სახის შეხება ჰქონდა მის კომპანიებთან. შანტაჟისა და ზეწოლის შედეგად ქონება გადააფორმებინეს ყველა იმ პიროვნებას, ვისზეც მხოლოდ ეჭვი ჰქონდათ და არა დოკუმენტური დასაბუთება, რომ საკუთრება შეძენილი იყო მისი მონაწილეობით.
ამავე პერიოდში ლიცენზია გაუუქმდა სს „აგროინვესტბანკს“ და დაიწყო მისი ლიკვიდაციის პროცესი, რომლის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე და აქციათა 99,704 %–ის მფლობელი იყო გოჩა ძასოხოვი. თბილისში, ჯანაშიას ქ. #19-ში დალუქული და დაყადაღებული იქნა მისი საცხოვრებელი სახლი, რომელიც საკუთრების უფლებით ირიცხებოდა მისი მეუღლის ლაურა ძასოხოვას სახელზე.

ამ უკანონო ქმედებებზე როგორც ჩვენმა იურიდიულმა კომპანიამ, ისე გოჩა ძასოხოვმა არაერთგზის მიმართა ხელისუფლებას. შესაბამისი საპროტესტო წერილები გაიგზავნა ადმინისტრაციულ ორგანოებში, ასევე საქართველოს მთავრობის თავმჯდომარისა და საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის სახელზე, თუმცა ყველა შემთხვევაში არა მარტო იგნორირებული იქნა ჩვენი კანონიერი მოთხოვნები, უფრო მეტიც, არცერთ წერილზე პასუხი არ იქნა გაცემული.

2008-2009 წლებში საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო ორგანომ აღძრა სისხლის სამართლებრივი დევნა გოჩა ძასოხოვის მიმართ, რომელიც იმ პერიოდში იყო შპს „ქართული პროდუქტის“ დამფუძნებელი და 90%-იანი წილის მფლობელი. გამოძიებამ ბრალი დასდო გოჩა ძასოხოვს მასში, რომ მან ამავე საზოგადოების დირექტორ ანატოლი ილჩენკოსთან ერთად, თაღლითობით, ყალბი დოკუმენტის დამზადებითა და გამოყენებით მიითვისა სახელმწიფოს მიერ იტალიაში ყურძნის გადამამუშავებელი ხაზის შესყიდვისათვის მიზნობრივად გამოყოფილი თანხიდან 5 909 090 ლარი, მათვე თაღლითურად აარიდეს თავი სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ 2 964 434 ლარის და 1 023 929 ლარის პირგასამტეხლოს გადახდას.
ამ ბრალდებით თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის კოლეგიამ 2010 წლის 8 ოქტომბრის განაჩენით გოჩა ძასოხოვი დაუსწრებლად ცნო დამნაშავედ და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180–ე და 182–ე მუხლების მე–3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით, 24–ე, 362–ე მუხლების მე–2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით სასჯელთა შეკრების წესით მიუსაჯა თავისუფლების აღკვეთა 13 წლითა და 9 თვით, მასვე დამატებით სასჯელად განესაზღვრა სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ 1 000 000 ლარის გადახდა.
განაჩენი, როგორც უკანონო და დაუსაბუთებელი, გავასაჩივრეთ ჯერ თბილისის სააპელაციო სასამართლოში, შემდეგ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში. სააპელაციო სასამართლომ ჩვენი საჩივარი, რომლითაც ვითხოვდით გამამართლებელი განაჩენის დადგენას, არ დააკმაყოფილა, ხოლო საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ მისი საჩივარი განსახილველად არ დაუშვა იმ მოტივით, რომ იგი არ აკმაყოფილებდა საქართველოს სსსკ-ის 547-ე მუხლის მე-2 ნაწილის მოთხოვნებს, კერძოდ საქმე არ მნიშვნელოვანი სასამართლო პრაქტიკისათვის და ა.შ.
2011 წლის 4 აპრილს, როცა ამ საქმეზე სასამართლო წარმოება  ჯერ კიდევ დამთავრებული არ იყო და თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2010 წლის 8 თებერვლის განაჩენი გასაჩივრებული იყო საქართველოს უზენაეს სასამართლოში, საგამოძიებო ორგანომ გოჩა ძასოხოვს კვლავ წარუდგინა ახალი ბრალდება, ამჯერად საქართველოს სსკ-ის 194-ე მუხლის  მე-2 და  მე-3 ნაწილების  „ა“ და  „გ’ ქვეპუნქტებით. გამოძიებამ ბრალი დასდო გოჩა ძასოხოვს მასში, რომ მან აუქციონზე 421 657 ლარად შეიძინა და შპს ”ქართულ პროდუქტის” ყოფილ დირექტორ რამაზ თოთლაძის სახელზე საკუთრების უფლებით დაარეგისტრირა თავისი მეუღლის, ლაურა ძასოხოვას, სახელზე რიცხული საცხოვრებელი ბინა, რითაც  ლეგალიზაცია გაუკეთა დანაშაულებრივი გზით საქართველოში მოპოვებულ ამ ოდენობის უკანონო შემოსავალს.
2011 წლის 10 მაისს თბილისის საქალაქო სასამართლომ ამ ბრალდების გამო ისევ დაუსწრებლად გოჩა ძასოხოვს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194-ე მუხლის  მე-2 და  მე-3 ნაწილების  „ა“ და „გ’ ქვეპუნქტებით მიუსაჯა 9 წლით თავისუფლების აღვეთა, მასვე დამატებითი სასჯელის სახით შეუფარდა ჯარიმა 200 000 ლარის ოდენობით.
არავითარი მტკიცებულებები გამამტყუნებელი განაჩენის დასადგენად არ არსებობდა და ამის თაობაზე როგორც პირველი ინსტანციის სასამართლოში, ისე აპელაციასა და კასაციაში წარვადგინეთ დასაბუთებული საჩივრები მისი უდანაშაულობობის შესახებ, თუმცა გასაკვირი არ იყო, რომ საქართველოს სასამართლო სისტემას ჩვენი კანონიერი მოთხოვნისათვის ყურადღება არ მიუქცევია.
საკმარისია განაჩენიდან ერთი ამონარიდის მოყვანა, რომელიც მის  აბსურდულობას ადასტურებს. განაჩენი დადგენილად მიიჩნევს, რომ „გოჩა ძასოხოვმა ანატოლი ილჩენკოსთან ერთად 2008 წლის აგვისტოს თვეში შეცდომაში შეიყვანა აუდიტი თამარ ხაბელაშვილი და გააცემინა ყალბი შინაარსის აუდიტორული დასკვნა“. ამ ქმედებას გოჩა ძასოხოვი ვერაფრით ვერ შეძლებდა თუნდაც იმის გამო, რომ ამ პერიოდში ანუ 2008 წლის აგვისტოს თვეში იგი ფიზიკურად საქართველოში აღარ იმყოფებოდა. გოჩა ძასოხოვმა 2008 წლის 30 ივლისს დატოვა საქართველო და აგვისტოს თვეში, როგორც საქართველოს ოლიმპიური კომიტეტის წევრი, იმყოფებოდა პეკინის ოლიმპიურ თამაშებზე, რის შემდეგ იგი საქართველოში აღარ დაბრუნებულა.
იმის გამო, რომ საქართველოს სასამართლოების მიერ ვერ მივაღწიეთ  გოჩა ძასოხოვის მიმართ დადგენილი აღნიშნული უკანონო განაჩენების გაუქმებას და შესაბამისად მის რეაბილიტაციას, იძულებული გავხდით 2009-2011 წლებში მიგვემართა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოსთვის, რომელმაც  ჩვენი საჩივრები მიიჩნია დასაშვებად და მიიღო წარმოებაში.
გოჩა ძასოხოვი არის ყოფილი ხელისუფლების მიერ განხორციელებული უკანონობი ქმედებების მსხვერპლი, რამაც იგი იძულებული გახადა დაეტოვებინა საქართველო და გადახვეწილიყო საზღვარგარეთ. გოჩა ძასოხოვი პოლიტიკური დევნილია, რაზედაც ძალზე დეტალურად და დასაბუთებულად მიუთითებს იგი მის მიერ გამოქვეყნებულ სტატიებში.
იმედია  გაითვალისწინებთ წარმოდგენილ ინფორმაციას და აღძრავთ შუამდგოლობას საქართველოს პარლამენტის წინაშე გოჩა ძასოხოვის პოლიტიკური ნიშნით დევნილად აღიარების თაობაზე.
აქვე აღვნიშნავთ, რომ ჩვენს მიერ მომზადდა და პარლამენტს გაეგზავნა შუამდგომლობა გოჩა ძასოხოვის პოლიტიკური ნიშნით დევნილად აღიარების თაობაზე.
გოჩა ძასოხოვის ინტერესების დამცველი
ადვოკატი           ირაკლი ბიბილაშვილი

No comments:

Post a Comment

შეხვედრა ვლადიკავკაზის ქართულ სკოლაში (2010წლის მაისი)






2010 წლის მეგობრობის შეხვედრები